საზღვაო გადამზიდავი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ შუა აზიის ქვეყნებისგან დაინტერესება გაზრდილია.
როგორც BMG-ის „სოფმარ საქართველოს“ დირექტორმა, ვახტანგ ალანიამ განუცხადა, მიმდინარე წლის დასაწყისში შუა აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ტვირთის ახალი სახეობა, სპილენძის კონცენტრატები გადმოიზიდა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ტაჯიკეთიდან ფოთის მიმართულებით 15 ათასი ტონა სპილენძის კონცენტრატები გადაზიდეს. ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტებზეა, რაც ფოთის პორტის გავლით ჩინეთში დაახლოებით 50 ათასი ტონა პროდუქტის გადაზიდვას გულისხმობს.
„წელს პირველ კვარტალში იმაზე მეტი ტვირთი წამოვიდა შუა აზიიდან, ვიდრე ჯამურად გასული წლის განმავლობაში. ჩვენ ტაჯიკეთიდან ფოთამდე ჩამოვიტანეთ ტვირთი, რომლის საბოლოო დანიშნულება ჩინეთი იყო. ეს სპილენძის კონცენტრატები იყო, 15 ათასი ტონა. საკმაოდ რთული გადაზიდვა იყო, რადგან ტაჯიკეთი ცოტა რთული ქვეყანაა და რკინიგზაც არაა კარგ მდგომარეობაში.
ახლაც ახალ კონტრაქტებს ველოდებით, სხვა დიდი ტრეიდერებიც ჩაერთნენ და მათაც აინტერესებთ ეს მარშრუტი. შუა აზიიდან ტვირთების რაოდენობა იზრდება და ეს კარგი ტენდენციაა. თუკი აქამდე 15 ათასი ტონა იყო, ახლა საუბარია ჯამურად 50 ათას ტონაზე, რაც ფოთის პორტისთვის საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთია. შუა აზიის ტვირთები ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, საბაჟომ, რკინიგზამ, თუ როგორ უნდა გამარტივდეს პროცედურები, რომ ტვირთი ჩვენკენ წამოვიდეს“, - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 მლნ 709 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წლიურად 9.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.