„რიყის დოქების“ ადგილზე რა აშენდება, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მახინჯი დოქები არ ეკადრება ლამაზ დედაქალაქს.

„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ 6 მაისის განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ შეიძლება „რიყის დოქების” დემონტაჟი მოხდეს და იქ სასტუმრო გაიხსნას.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ე.წ. რიყის დოქები მიმდინარე წელს გაიყიდა. უფრო კონკრეტულად, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, რიყის დოქების მესაკუთრე შპს „რიყე დომი“ გახდა, რომელიც შპს ნ.გ.ბ. ეკუთვნის, ხოლო კომპანიის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილია. თავის მხრივ შპს ,,ნ.გ.ბ.” -ს მესაკუთრე თორნიკე კოპალიანია, რომელიც სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ფლობს, შპს ბამბუ გარდენსისწილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირიც.

ე.წ. რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად 2022 წელს გაყიდა. ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის ერთ-ერთი აქციონერი დავით ხიდაშელის კომპანია იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

რიყის დოქების გარდა, მიმდინარე წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს სახელმწიფომ კურორტი ლიბანი და ახტალა ჩამოერთვა. ხიდაშელმა რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს რაჭის ტყეების 49 წლიანი ლიცენზიაც „დაუბრუნა“.