ინფრასტრუქტურის მინისტრის, მ.წ. 15 ივნისის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვიზიტმა, თვალნათლივ წარმოაჩინა მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო საავტომობილო გზების პრობლემები.
ახალქალაქის რეგიონში დროში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო პროექტები, სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილების სირთულეებს ქმნის, რაც პირველ რიგში, სატრანზიტო გადაზიდვებზე ნეგატიურად აისახება.
არსებულ ვითარებაში აუცილებელია სწრაფი რეაგირება და გადაუდებელი აღდგენითი ღონისძიებების გატარება, რეგიონში უსაფრთხო, გამართული და შეუფერხებელი სატრანსპორტო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
სავალალო მდგომარეობა ფიქსირდება სომხეთთან დამაკავშირებელ საერთაშორისო მნიშვნელობის ნინოწმინდა – ბავრას სასაზღვრო გამშვებ პუნქტისკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით.
ადგილობრივ საინფორმაციო პორტალ Jnews ზე დაყრდნობით – „გაჭიანურებულია და დაუსრულებელია გზების მშენებლობის პროცესი, ღრმა ორმოები და დაზიანებული ასფალტის საფარი ყოველდღიურ საფრხეს უქმნის როგორც მსუბუქ ასევე საზღვრისკენ მიმავალ მძიმეწონიან სატვირთო ავტოტრანსპორტს“.
აღნიშნული საავტომობილო მონაკვეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველსაყოფად, არამედ ძირითად სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორის ტვირთების გადაზიდვებს ემსახურება.
სატვირთოს მძღოლების განცხადებით – „დღეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ თუ ერთ ლარს ვშოულობთ, ათ ლარს მანქანის შეკეთებაში ვხარჯავთ. დღე ისე არ გადის, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაზიანებით არ მივიდეთ“.
საყურადღებოა სოციალურ ქსელში ერთ – ერთი მძღოლის განცხადების ამონარიდი – “სავალალო მდგომარეობაა ნინოწმინდის მიმართულებით, ყოველ გავლაზე გზით სარგებლობის საფუსურის სახით ვიხდით 350 ლარს და გამოსავალი არ ჩანს, ამ გზაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება გაივლის, თანხა როგორ უნდა გადაახდევინო ? ან რას ხმარდება ეს თანხა?
მინიმუმ დღე – ღამში 200 სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, თანხა ხომ შემოდის ამ გზაზე, თანხას ხომ იხდიან, ან უბრალო გრუნტი მაინც ჩაყარეთ იამებში, საზღვარს გადახვალ სომხეთის მხარეს იდიალური გზაა, აქეთ გადმოხვალ ჯოჯოხეთია – სამი წლის წინ კი პირიქით იყო”.
ნინოწმინდის მიმართულებით საავტომობილო გზის დაზიანება ფაქტიურად მთლიან მონაკვეთზე ფიქსირდება, ადგილობრივი მაცხოვრებლების განხადებით – „ორლოვკადან ნინოწმინდამდე მონაკვეთი მთლიანად განადგურებულია, ვთხოვთ საქართველოს ხელმძღვანელობას, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და მიიღონ შესაბამისი ზომები გზის აღსადგენად“.
არანაკლებად სავალალო მდგომარეობაა, თურქეთის დამაკავშირებელ სახელმწიფოთაშორის ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების შემდგომ, ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ინტენსიობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თურქეთ – საქართველოს საზღვართან მისასვლელად სატვირთო ავტოტრანსპორტს დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გადალახვა უწევს, ხშირია შემთვევები, როდესაც ორმოების თავის ასარიდებლად საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს გზას უთმობენ.
ახალქალაქი – კარწახის სახელმწიფოთაშორისი ორ კილომეტრიანი მონაკვეთი, ახალი ასფალტის ფენის დაგების მიზნით, ძველი ასფალტის საფარისგან ერთი თვის წინ გაიწმინდა, ადგილობრივების განმარტებით ამ დრომდე არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა.
მაცხოვრებლები იხსენებენ, რომ იმავე მონაკვეთზე მსგავსი სარემონტო სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზეც დაიწყო, თუმცა, მათი თქმით, დაუმთავრებელი დარჩა და სიტუაცია ერთი წლის შემდეგაც მეორდება.
მოსახლეობა მტვრის პრობლემაზეც მიუთითებს. გზის დაუმთავრებელი მშენებლობის გამო, გზიდან ავარდნილი მტვერი სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
ადგილობრივების კითხვაზე თუ როდის განახლდება სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ ტიპიური ბიუროკრატიული განმარტება გააკეთა – „შეკვეთის მიღების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავუგზავნეთ სათანადო პირობები პროფესიონალთა ჯგუფს მოსამზადებელი ეტაპის განსახორციელებლად. ადგილზე შესწავლილი იქნა გზის მდგომარეობა, შედგენილი იქნა ტექნიკური მონაცემები. უახლოეს დღეებში გადაიგზავნება პერსონალი და სამშენებლო ტექნიკა სამუშაოების დაწყებას შეუდგება“.
დასკვნის სახით – არსებულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურის მინისტრის ახლანდელი ვიზიტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, იმედს ტოვებს, რომ კარდინალურად გადაიჭრება, ამ მხარეში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი საგზაო პროექტები, რათა მეზობელ ქვეყნებთან სატვირთო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება იქნეს უზრუნველყოფილი.