“ჩვენ თუ ენგური მძევლის პოზიციიდან არ გამოვიყვანეთ, თან ისეთი მძევლის, რომელსაც ძალიან ცუდად ეპყრობიან, ეს მალე მის შესაძლებლობებს გაანადგურებს”, - ამის შესახებ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი "საქმის კურსთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ენგურჰესის დონე 415 მეტრია, როცა მისი ტექნიკური მინიმუმი 440 მეტრს შეადგენს, აფხაზეთიდან უკონტროლო მოხმარების პირობებში კი წყალსაცავი იცლება და ბევრად უფრო დაბლა ჩამოდის, ვიდრე ტექნიკური ნორმებით არის დასაშვები. “ყოველი ასეთი რეჟიმში მუშაობა მის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს”, - აცხადებს მარგველაშვილი.

“ეს კონკრეტული თემა მთლად ჩვენი „დამსახურება“ არ არის, ჩვენი სპეციალისტების, რადგან აფხაზეთიდან უკონტროლო მოხმარების პირობებში იცლება წყალი და ჩამოდის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე ტექნიკური ნორმებით არის დასაშვები. აქ რაღაც ძალისხმევაა საჭირო. აფხაზეთის მხარესაც არიან ადამიანები, ვინც ამით ასევე არიან შეშფოთებულები და იმათთან კავშირების გაძლიერება და იმაზე საუბარია საჭირო, რომ ამ დონეზე აღარ მივიდეთ ან სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროები მოვიძიოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წყალი და არ დავცალოთ.

ამასთან ერთად ენგურთან არის უდიდესი პრობლემა — ეს ოქროს ტოლი ობიექტია, რომელმაც შეიძლება პიკურ რეჟიმებში იმუშაოს და რეგიონალური მნიშვნელობის ამოცანები გადაწყვიტოს, მათ შორის დაეხმაროს შავი ზღვის კაბელზე რომ გვაქვს ლაპარაკი ამ პროექტს.

ჩვენ თუ არ გამოვიყვანეთ ენგური ამ მძევლის პოზიციიდან და თან ისეთი მძევლის, რომელსაც ძალიან ცუდად ეპყრობიან, ეს მის შესაძლებლობებს მალე გაანადგურებს. ბოდიში {მალე} სიტყვისთვის, მაგრამ ყოველი ასეთი რეჟიმში მუშაობა მის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

bm.ge