საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სუვენირების სტრატეგიისა და საკომუნიკაციო გეგმის შექმნაზე 108 670 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება ადმინისტრაციას შპს „გალილეო სტრატეჯიმ“ წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში BMG-ის განუცხადეს, რომ ახალი პროექტის მიზანი ქართული სუვენირების განვითარების თანამედროვე სტანდარტის ჩამოყალიბებაა. ადმინისტრაციის განმარტებით, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კულტურული იდენტობის უფრო სრულყოფილად წარმოჩენას საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
უწყების შეფასებით, საქართველო მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომლის იდენტობას ისტორია, ხელოვნება, ტრადიციები, გემოები და ადამიანური ისტორიები ქმნის. სწორედ ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელშესახები გამტარი საერთაშორისო აუდიტორიამდე ხშირად სუვენირია.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს სუვენირი მხოლოდ მოგზაურობისას შეძენილი სიმბოლური ნივთი აღარ არის. ის ქვეყნის კულტურისა და ხასიათის ერთგვარ წარმომადგენლად იქცა, რომელიც ემოციას, მოგონებასა და კონკრეტულ ისტორიას ატარებს. შესაბამისად, ის, თუ როგორ წარმოაჩენს ქვეყანა საკუთარ თავს სუვენირების მეშვეობით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის საერთაშორისო იმიჯსა და აღქმაზე.
პროექტი მხოლოდ ვიზუალური კონცეფციის შექმნით არ შემოიფარგლება. ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, ის კერძო სექტორისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტის შექმნასაც ითვალისწინებს. საუბარია მზა იდეებზე, დიზაინებსა და მიმართულებებზე, რომლებიც მცირე ბიზნესებსა და მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, შექმნან ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი და კულტურულად სწორად გააზრებული პროდუქცია.
პროექტის ფარგლებში უნდა მომზადდეს ბრენდის სტრატეგია, საკომუნიკაციო გეგმის კონცეფცია, სოციალური მედიის პოსტებისთვის ვიზუალური შაბლონები და ტექსტები, ვიზუალური იდენტობის სახელმძღვანელო, მათ შორის ლოგო, ფერები, ტიპოგრაფია, პრეზენტაციის შაბლონი და გამოყენების წესები. ასევე გათვალისწინებულია სუვენირების დიზაინის ციფრული კატალოგის შექმნა, რომელიც არანაკლებ 30 ერთეულს მოიცავს და 2D და 3D ფორმატში ბეჭდვისთვის მზა ფაილებსაც უნდა შეიცავდეს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი წინადადებების შეფასებისა და კომპლექსური ანალიზის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კომპანიად შპს „გალილეო“ შეირჩა.
შერჩევიდან 20 კვირის განმავლობაში კომპანიამ უნდა წარადგინოს განსაზღვრული მასალები, რის შემდეგაც პროექტის პრეზენტაცია კერძო სექტორისთვის გაიმართება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინიციატივა მხოლოდ პირველ ეტაპზე გათვალისწინებული 30 სუვენირით არ დასრულდება და პროექტი ეტაპობრივად განვითარდება. მომავალში მას ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებაზე მორგებული ახალი და მრავალფეროვანი თემატიკის სუვენირებიც დაემატება.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „გალილეო სტრატეჯი“ 2025 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 34%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ რუხაძეა.