ფინანსისტი ირაკლი კოვზანაძე აღნიშნავს, რომ ქართულ საბანკო სექტორში არსებული მაღალი კონცენტრაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სისტემაში გაჩნდეს ძლიერი მესამე და მეოთხე საბანკო დაწესებულება, რომლებიც ორ უმსხვილეს ბანკს დაკრედიტებით კონკურენციას აქტიურად გაუწევენ. ამის შესახებ მან ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კოვზანაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულს შეუძლია ქვეყანაში საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე მოახდინოს გავლენა, რაც თავის მხრივ კერძო სექტორს განვითარების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

"თქვენ იცით, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ თავისი სპეციფიკაც გააჩნიათ, იცით, რომ ორი მოწინავე ქართული ბანკი ფლობს მთელი საბანკო აქტივების 80%-ს და ასევე ლონდონის ბირჟაზე არიან ისინი კვოტირებული. ამ თვალსაზრისით კონცენტრაციის მაღალი ხარისხით გააჩნიათ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში რეალურად შეიქმნეს და ჩამოყალიბდეს ზომით მესამე და მეოთხე ბანკი. ეს გამოიწვევს კონკურენციის ზრდას ქართულ საბანკო სექტორში, რომელიც ასევე გამოიწვევს იმას, რომ მომავალში საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.

ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი იმისათვის, რომ ერთი - როგორც საფინანსო სექტორში შემცირდება საპროცენტო განაკვეთები, ასევე გადაცემის მექანიზმებით გადავა რეალური ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მრეწველობაში, აგრარულ სექტორში და სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ეს კონფერენცია იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ ლარის 30 წელს აღნიშნავს, ასევე ამ თვალსაზრისით ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას ქართული საფინანსო სექტორის სხვადასხვა მოთამაშეებში, ასევე მრეწველობის სხვადასხვა სექტორში", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

არსებული მდგომარეობით, ქვეყნის საკრედიტო პორტფელის 75%-ზე მეტი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელის 79% ორ წამყვან ბანკზე - "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკზე" მოდის.

ვრცლად: bm.ge