საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ მონაწილეობა მიიღეს სეულში გამართულ კორეის ბლოქჩეინ კვირეულზე (Korea Blockchain Week 2025).
Korea Blockchain Week — აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოკჩეინისა და Web3 ფესტივალია. KBW აერთიანებს კრიპტო ინდუსტიის გლობალურ ლიდერებს, ცენტრალური ბანკების და საზედამხედველო უწყებების ხელმძღვანელებს, რეგულატორებსა და ინვესტორებს.
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა KBW - ის ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებთან და საზედამხედველო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე გაცვალა ხედვები ვირტუალური აქტივების საკანონმდებლო დიზაინთან, რისკებთან და რეგულირების აღსრულების მიდგომებთან დაკავშირებით.
„ეროვნული ბანკისთვის ეს ღონისძიება არის სტრატეგიული შესაძლებლობა, უფრო ღრმად გავაანალიზოთ ახალი საზედამხედველო მოთხოვნები და სარეგულაციო ჩარჩო ვირტუალურ აქტივებთან მიმართებაში, ჩამოვაყალიბოთ პარტნიორობა და მივიღოთ ინფორმაცია საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირების ჩარჩოს შემუშავებისთვის,“ - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
KBW 2025 - ის ფარგლებში, მაღალი რანგის საერთაშორისო სპიკერებმა მნიშვნელოვანი ხედვები წარმოადგინეს ვირტუალურ აქტივების სერვისთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ტოკენიზებული აქტივების, სტაბილკოინების და ურთიერთთავსებადი (interoperable) საგადახდო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, გრძელდება დიალოგი კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან და ტექნოლოგიურ პლატფორმებთან.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს