საქართველოში შესაძლოა, მინიმალური ხელფასი გაიზარდოს - ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ICFRP) მიმართავს.

ცნობისთვის, ქვეყანაში დღემდე მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 20 ლარს შეადგენს.

როგორც ცენტრი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სამომხმარებლო ფასები 5-ჯერ გაიზარდა, მინიმალური ხელფასის ზღვარი არ შეცვლილა.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს. კერძოდ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, სწორედ „საქსტატის“ მონაცემების შესაბამისად უნდა დადგინდეს.

„გთხოვთ, „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულების 1-ელ პუნქტში შეიტანოთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველთვიური მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საქმიანობის სფეროში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ყოველი წლის დასაწყისში დადგენილი არანაკლებ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობის შესაბამისად“, - ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

შეგახსენებთ, რომ წლებია, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გადახედვას ითხოვენ. შესაბამისი ინიციატივით საქართველოს პარლამენტს პროფკავშირების გაერთიანებამ 2023 წელს მიმართა. მათი შეფასებით, მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს „საქსტატის“ მიერ დაანგარიშებული წლიური საშუალო ხელფასის 40%-მდე.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი