სავაჭრო ობიექტებში საბარათე გადახდებზე საკომისიოს ზედა ზღვარის დაწესება ამ ეტაპზე აღარ მოხდება. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ საკითხის საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა.

საუბარია, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მათ შორის საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარი უნდა დაწესებულიყო.

როგორც პაატა კვიჟინაძემ განმარტა, საკითხის განხილვაში ჩართვა მოინდომეს კომერციულმა ბანკებმა, მათ შეხვედრებიც ჰქონდათ ეროვნულ ბანკთან. პაატა კვიჟინაძის თქმით, ამის შემდეგ სებ-მა შენიშვნების წერილი გაუგზავნა კანონპროექტის ინიციატორებს, რომლის გათვალისწინებაც მოხდა. კერძოდ, ამ ეტაპზე ამოღებულია მუხლები, რომელიც ეხება საკომისიოს ზედა ზღვარს, ფასწარმოქმნის ზედა ზღვარს და სისტემურ ბანკებთან რეგისტრაციის პროცესს.

“შეხვედრა იყო როგორც ასოციაციასთან, ისე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. ასევე, ვინაიდან ყველაფერი ეხება ეროვნულ ბანკს, მან ცალკე გააკეთა შეხვედრა ბანკებთან. კანონპროექტში, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, იყო სურვილი, რომ ჩართულიყო საბანკო სექტორი. აინტერესებდათ, უნდოდათ, რომ ჩართულიყვნენ. ამასთან დაკავშირებით

ეროვნულმა ბანკმა გამოგვიგზავნა წერილის სახით შენიშვნები და ჩვენ ამ შენიშვნებს ვითვალისწინებთ. ეს შენიშვნები ეხება (და ამოღებულია მუხლები), საკომისიოს ზედა ზღვარს, ფასწარმოქმნის პროცესს, სისტემურ ბანკებთან რეგისტრაციის პროცესს”,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ საკითხს გაისად მიუბრუნდებიან და შესაძლოა, ამ ეტაპზე ამოღებულ მუხლებში ცვლილებები განხორციელდეს.

ცნობისთვის, ცვლილებების შედეგად უნდა დაწესებულიყო საბარათე გადახდების ზედა ზღვარი (თითოეული გადახდიდან 0,5%), ასევე, უნდა მომხდარიყო საგადახდო სისტემის სტატუსის (მნიშვნელოვანი, გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ა.შ) მინიჭება.

დღეს მოქმედი წესით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან 0.5%-ზე გაცილებით უფრო მაღალია.

მაგალითად, თუ კონკრეტული ერთი ბანკის პოსტერმინალზე იმავე ბანკის ბარათით ხდება გადახდა, მაშინ საკომისიო 1.5%-ს შეადგენს, პარტნიორი ბანკების ბარათებით - 1.7%-ია, სხვა ქართული ბანკების - 2%, ხოლო უცხოური ბარათების ტარიფი 2.4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედ ზოგ ბარათზე საკომისიო 3.5%-საც კი შეადგენს.

ბიზნესპრესნიუსი