„მომხრე ვარ, რომ თითოეულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაწყვეტილება იყოს საჯარო" - ასე უპასუხა სების საბჭოს წევრობის კანდიდატმა და გალტ&თაგარტის მთავარმა ეკონომისტმა კითხვას, როგორი იქნება დამოუკიდებლობის ხარისხი საბჭოს წევრობის შემთხვევაში.

ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და შესარჩევი კომისიის წევრმა არჩილ მესტვირიშვილმა ქავთარაძეს ჰკითხა რადგან კანონის მიხედვით, სებ-ის წევრებს არ აქვთ უფლება გარკვეული ინსტრუქციები მიიღონ სტრუქტურის გარედან, როგორ წარმუდგენია მას, საქართველოს ბანკის ჯგუფიდან თუ სებ-ში გადაინაცვლებს, როგორი იქნება მისი დამოუკიდებლობის ხარისხი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს იყოს მიუკერძოებელი და მას ჰქონდეს ის მიზანი, რაც სებ-ს აქვს. ორიენტირებული უნდა იყოს ფასების სტაბილურობაზე. ვთვლი, რომ ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მეტიც, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ამ ეტაპზე ვიწრო ფუნქციები აქვთ და შეიძლება ამ ფუნქციების უფრო გაზრდაც. იმისთვის, რომ კონსენსუსი იყოს სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე. მომხრე ვარ, რომ თითოეულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაწყვეტილება იყოს საჯარო. იყოს გამჭვირვალე და ყველამ იცოდეს, მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისას, ვის რა პოზიცია აქვს. როგორც ეს ინგლისის ცენტრალურ ბანკშია და ეს ზრდის გამჭვირვალობის ხარისხს", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, მის ამჟამინდელ და შესაძლო მომავალ სამსახურს შორის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

„რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას (გალტ&თაგარტის მთავარი ეკონომისტი) ის ემსახურება კომპეტენტურად იყოს შეფასებული არსებული ეკონომიკური გარემო. მე ვაკეთებ მაკროეკონომიკურ ცვლადებს შორის კავშირ-ურთიერთობების ანალიზს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაიმე ინტერესთაკონფლიქტი არ არის. დამოკიდებლობა, ეს მნიშვნელოვანია და ვერავინ უნდა ჩაერიოს ჩემს გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გამართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.