მიკროსაფინანსოებისთვის ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტის 200 000 ლარამდე გაზრდით სექტორს საშუალება ექნება, არსებული კლიენტები შეინარჩუნოს - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ.
როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მიკროკრედიტის ლიმიტის ზრდა კომპანიებს საშუალებას მისცემს უფრო დიდი მოცულობის კრედიტები გასცენ, რაც ნინო დევდარიანის თქმით, ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ სესხები გაიაფდეს.
“დაკრედიტების ლიმიტის გაზრდით სექტორს მიეცა საშუალება, რომ უფრო მსხვილი კრედიტები გასცეს. ერთის მხრივ, თავისივე მომხმარებლები, რომლებიც შედარებით მცირე ლიმიტის გამო აქამდე სხვა საფინანსო ორგანიზაციებში ინაცვლებდნენ, შეინარჩუნოს. გარდა ამისა, ახალი პროდუქტები განავითაროს. ასევე დაკრედიტების ლიმიტის გაზრდით მიკროსაფინანსო სექტორს ექნება საშუალება, რომ უფრო პროდუქტიული გახდეს.
მიკროსაფინანსო სექტორი უფრო წვრილი კრედიტების გაცემაზეა ორიენტირებული და შედარებით მცირე კრედიტის გასაცემად მას საოპერაციო დანახარჯები უფრო მაღალი აქვს, ვიდრე საბანკო სექტორს. ლიმიტის ზრდა სექტორს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მსხვილი მოცულობის კრედიტი გასცეს, პროდუქტიულობა გააუმჯობესოს, შეამციროს ის ერთეული დანახარჯები შეამციროს, რაც კრედიტების გაცემას უკავშირდება და ეს იქნება ის წინაპირობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო იაფადაც გასცეს ის კრედიტები, რასაც აქამდე გასცემდნენ”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიკროკრედიტის ოდენობა გაორმაგდა.