საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ საბჭოში საკუთარ როლს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ურთიერთობის მიმართულებით ხედავს.

როგორც ვახტანგ ჭარაიამ გასაუბრებაზე განაცხადა, იცის რა საჭიროებებია დასმული სავალუტო ფონდისგან პროგრამის განახლებისთვის და თვლის, რომ ფონდთან ურთიერთობაში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.

„ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ჩემი პროფესიის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. ვერც ერთი სხვა თანამდებობა ვერ შეედრება ამ პოზიციას, ამიტომაც მაქვს ამბიცია, რომ ამ პოზიციას შევეჭიდო. ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩემი ეს სიტყვები არაა მხოლოდ ამბიცია, არამედ არის გამაგრებული მთელი რიგი გამოცდილებით, კომპეტენციით უნარებით და სხვა საჭირო ღირსებით. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ჩემი როლი სად შეიძლება დავინახო სებ-ის საბჭოში, ვთვლი, რომ მაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება, თუნდაც სავალუტო ფონდთან ურთიერთობის. 2018 წელს გავხდი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის, ახალგაზრდა მკვლევრების გამარჯვებული, რომლის შემდგომაც აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან და მაქვს მჭიდრო კომუნიკაცია როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ საკითხებზე. სავალუტო ფონდთან ურთიერთობის დალაგება რადგანაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და საქართველოსთვის, ვთვლი, რომ მაქვს ის კონტაქტები, გამოცდილება, უნარები, რომ სავალუტო ფონდთან, ყოველ შემთხვევაში ჩემს თავზე თუ არ ავიღებ, რომ აღვადგენ ურთიერთობას, ძალიან დიდი როლი შევიტანო ამ პოზიტიურ ურთიერთობაში. ვიცი ის კონკრეტული საჭიროებები, რაც სავალუტო ფონდისგან არის დასმული იმისთვის, რომ განახლდეს პროგრამა. ვიცი, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან რა დათმობები, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ სავალუტო ფონდთან აღდგეს შემხვედრი ურთიერთობა. შესაბამისად, ამ კუთხით ვთვლი, რომ მაქვს გარკვეული კარგი როლის შესრულების შესაძლებლობა. ვთვლი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოვადგე ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა ჭარაიამ.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გამართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.