კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 21% სარგებლობს , ხოლო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეულია, - ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის 773 366 მოქმედი პოლისია, წინა წლის იგივე პერიოდში ეს მონაცემი 731 140 იყო. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევის 741 174 პოლისი იყო, რაც მოსახლეობის 20%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, ამ კუთხით რაოდენობრივად მინიმალური ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წელს 31 მარტის მდგომარეობით პოლისების რაოდენობა 140 367 იყო, 2024 წლის პირველ კვარტალში - 128 839, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 116 265.
2025 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 453 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 76 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 26 მილიონი ლარი.
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.