პრემიერ-მინისტრის დავალება ნაწილობრივ შესრულებულია. ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და პირველი შედეგი უკვე სახეზეა. მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად, გამოიკვეთა პირველადი მოხმარების 15 დასახელების პროდუქტი, რომლებსაც 20-25%-იანი ფასდაკლება შეეხება და ქსელურ მარკეტებში, სპეციალურ ადგილებზე განთავსდება. ეკონომისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ამ პრობლემის მოგვარების მოკლევადიანი შედეგია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად შესაძლებელია, რომ პროდუქციის ჩამონათვალიც გაიზარდოს და ფასდაკლების პროცენტიც.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა. გამოიკვეთა პირველადი მოხმარების 15 დასახელების პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები ფასდაკლებით მიიღებენ.
„ვფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე ხანგრძლივ ვადაში იქნეს მიღწეული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი „საოჯახო კალათა“ შექმნეს, რომელშიც, ძირითადად, 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია განთავსებული. მისი თქმით, ამ მოდელის მიზანია, მომხმარებლისთვის 15 დასახელების პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება.
„ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მოხდა ბაზარზე მსუბუქი ინტერვენცია და ერთ-ერთი რეკომენდაცია ბერძნული მოდელი იყო. მე მოხარული ვარ, რომ ქსელებმა „ბერძნული მოდელის“ მსგავსი „საოჯახო კალათა“ შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია. აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებს, საფასო პოლიტიკას. ბერძნული მოდელის მიზანია, რომ მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასი იყოს შეთავაზებული.
ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ არის. ეს არის ე.წ. მარკეტინგული პლატფორმის შექმნა, როდესაც ქსელები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში, შედეგად, მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. ძალიან საინტერესო მოდელია. ვინმეს თუ აინტერესებს, დასკვნაში ძალიან კარგად არის გაწერილი, თუ როგორ მუშაობს", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს, იქ უკვე დაიწყო „სოციალური კალათების“ განთავსება, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. „დეილი ჯგუფი“, „კარფური“, „სპარი“, „მაგნიტი“, „კალათა“, „უნივერსამი“, „გუდვილი“, „ზღაპარი“, „ნიკორა“, „ლიბრე“, „აგროჰაბი“, „ნიკორა სუპერმარკეტები“, „გვირილა“ - „სოციალური კალათის“ შექმნისა და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.
კვერცხი, ქათამი, კარაქი, ფქვილი, შაქარი, ვერმიშელი, მაკარონი, ბურღული, ზეთი, - ამ მომხმარებლები 20-25%-ის ფასდაკლებით შეიძენენ.
შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება არ არის ისეთი მასშტაბური, როგორსაც საზოგადოება ელოდა, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარო მდგომარეობის გამო, ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა. შედეგად, ნავთობი კატასტროფულად გაძვირდა, რასაც სხვა პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვა. მეტიც, ინფლაციური შოკების საფრთხეც სავსებით რეალურია და სწორედ ამ პირობებში, მთავრობისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, პირველადი მოხმარების 15 დასახელების პროდუქტების ფასდაკლება, ასე თუ ისე, მაინც მოხერხდა.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღეს.
„სავაჭრო ქსელურებმა, დიდი ალბათობით, პროდუქციის გაიაფება თავისი კეთილი ნებისა და მოგების ხარჯზე მოახერხეს, სხვაგვარად, ასე მოკლე დროში ვერ შეძლებდნენ. ამიტომ, ეს დასაფასებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის, რაც სოციალური თვალსაზრისით კარგია, მეორე მხრივ, გრძელვადიანად, ეკონომიკისთვის არც ისე კარგია ხოლმე. თუ პროდუქციის გაიაფების გადაწყვეტილება ისეა მიღებული, რომ ამას უნდა მოჰყვეს მიწოდების ჯაჭვში გარკვეული ოპტიმიზაციის გზით, რაღაც ხარჯების შემცირება, რაც ამ პროდუქტების გაიაფების საშუალებას მისცემდა და თუ ამაზეა მიბმული, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. ფასების სტაბილიზაცია და ფასების კლება მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაშია ბიზნესისთვის მომგებიანი, თუ ის გარკვეული ტექნოლოგიური პროგრესით, ანუ რაღაცის გაუმჯობესებით ხდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ რამაზ გერლიანმა.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან კარგი იქნება, თუ იმპორტული საქონელიც გაიაფდება, რომელიც საბაჟოდან მარკეტამდეა გაძვირებული. ეს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს ყველას - დისტრიბუციასაც და საცალო ქსელსაც, ბრენდულსაც და არაბრენდულსაც, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაზარალდება არავინ.
„პირიქით, მომხმარებლებისთვისაც კარგი იქნება და ნებისმიერი მომწოდებლისთვისაც, ვინაიდან მათი ხარჯებიც შემცირდება და ამით მოგებაც გაიზრდება. სამწუხაროდ, დიდი ეჭვი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან არ გაამართლებს ბერძნული მოდელი. ეს იმიტომ, რომ საბერძნეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრებს იცავს შესაბამისი ევროსტანდარტი. იქ რეგლამენტი არის მაღალ დონეზე და შესაბამისად, საბერძნეთში რომ იყიდება საქონელი, რომელიც დაშვებულია ბაზარზე, ეს უკვე მისი ხარისხის გარანტიაა.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ბაზარს და ამის გამო, ეს გამოიწვევს მდარე ხარისხის საქონლის დამკვიდრებას ბაზარზე და შეიძლება, ხარისხობრივი რეგრესი მივიღოთ. შეიძლება, იმ მარკეტმა, რომელმაც გამოიტანა ფასდაკლებაზე 15 დასახელების პროდუქტი, არ იყოს მდარე, მაგრამ მისი კონკურენტები, რომლებიც ვერ შეძლებენ კონკურენციის გაწევას, შეეცდებიან, ბრინჯი მათაც იგივე ფასად შემოგვთავაზონ, ოღონდ უარესი ხარისხის“, - აღნიშნა გერლიანმა.
სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ დავით ჩიხელიძეს, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ 15 დასახელების პროდუქციის გაიაფება გაძვირებული ფასების პრობლემის მოგვარების მოკლევადიანი შედეგია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მან არ გამორიცხა, რომ გაიზარდოს როგორც პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა გაიაფდეს, ასევე პროცენტიც.
„როდესაც მთავრობამ დაიწყო საუბარი ფასების შემცირებაზე და იმის შესახებ, რომ უნდა შესწავლილიყო საქართველოში არსებული ფასები, ამას ოპოზიციისგან არაჯანსაღი პოზიცია და დამოკიდებულება მოჰყვა. ისინი სკეპტიკურად უყურებდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და ცდილობდნენ, როგორმე, კომისიის მუშაობა არასერიოზულად წარმოეჩინათ.
ჩვენ ვხედავთ, რომ კომისიამ მალევე დაიდო ხელშესახები შედეგი, შედეგი, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს თითოეული მოქალაქე. დღეს უკვე, დიდ მარკეტებში, შესაძლებელია, რომ პირველადი მოხმარების 15 დასახელების პროდუქცია ფასდაკლებით შევიძინოთ და ეს შემცირებული ფასი არის 15-20-25%. მოკლევადიანი შედეგის შემთხვევაში, ეს არის სრულიად მისაღები იმის გათვალისწინებით, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული მოვლენების ფონზე, როდესაც ნავთობის ფასი კატასტროფულად არის გაძვირებული და ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული. ამ პირობებშიც კი, კერძო სექტორმა, მთავრობასთან მუშაობის შედეგად, შეძლეს გარკვეული პროდუქტების გაიაფება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ველოდები, რომ კერძო სექტორი გაითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს, რომელიც, მათ შორის, შეეხებოდა დისტრიბუციას, საოპერაციო ხარჯებს, მენეჯმენტის გაჯანსაღებას, გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პრობლემებიც გადაიჭრება. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, პროდუქციის ჩამონათვალი გაიზარდოს და ფასებიც მეტად შემცირდეს. დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნამდვილად სწორი მუშაობის შედეგია“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.