კორუფციის ერთ-ერთი მიმართულებაა, როდესაც თანამდებობას საკუთარი გამდიდრების, ან ოჯახის წევრების დასაქმების მიზნით იყენებ, - ასე ფიქრობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს ივანიშვილის მართვის სტილია, როდესაც სახელმწიფო აპარატში დასაქმებულებს შემდეგ არჩევნების გასაყალბებლად იყენებ.
"კორუფციის ერთ-ერთი მიმართულებაა, როდესაც შენს პოლიტიკურ თანამდებობას და შენს საჯარო თანამდებობას იყენებ შენი გამდიდრების მიზნით, შენი ნათესავების და ოჯახის წევრების დასაქმების მიზნით. "ქართული ოცნების" ოჯახის წევრები არიან სახელმწიფო აპარატში დასაქმებულები და ეს სახელმწიფო აპარატია, რომელიც შემდეგ არჩევნებს აყალბებს. ანუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მართვის ერთ-ერთი სტილი. ოღონდ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადამიანები ჩვენს ფულს იღებენ ბიუჯეტიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს კეთილდღეობისთვის, ხმარდება "ოცნების" ჩინოვნიკებს კეთილდღეობისთვის", - ამბოლბს ბესიკ დონაძე.
შეგახსენებთ, TI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, ქონების დამალვასა და გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ის ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მდიდრდებიან ჩინოვნიკები თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიმდებარედ, 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა და მასზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ავცელებს.
ანგარიშის მიხედვით, თამაზაშვილი ასევე საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას ქონებრივ დეკლარაციაში რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთითებდა, მოგვიანებით კი, საკუთრების წილზეც არასწორი მონაცემები ჩაწერა.