ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვის საფრთხეს რეალურს ხდის.. ჯერ ბრიუსელში არაფერი გადაუწყვეტიათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, მისმა მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა უკვე გაშალეს ფართო ფრონტი - უვიზო მიმოსვლის გაუფასურებითა და ევროკავშირის შანტაჟში დადანაშაულებით. ისინი ქართველი ხალხის ნაცვლადაც დებენ პირობას, რომ უვიზო მიმოსვლას იოლად შეელევიან.

ევროკავშირი ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის საფუძვლების შეჩერების გაიოლებასა და გაფართოებაზე მსჯელობს, რაც ყველა იმ ქვეყანას შეეხება, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლისას ამ უპირატესობით სარგებლობს და მათ შორის არის საქართველოც. თუმცა ეს ცვლილებები ასახავს ზუსტად იმ გამოწვევებს, რომელთა გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკა თუ სანქციები დაიმსახურა, იქნება ეს ადამიანის უფლებები თუ კანონის უზენაესობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ერთ ნაწილს სანქციების რეჟიმის გამო - მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში შესვლა უკვე აკრძალული აქვთ და წრე თანდათან ფართოვდება. ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად დამატებითი პრობლემები შეექმნათ დიპლომატიური პასპორტების მფლობელ ჩინოვნიკებსაც.

თუკი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ექსპერტები მოელიან, რომ, ადრე თუ გვიან, სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ამისათვის ევროპული კონსენსუსი არ არის საჭირო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვის საფრთხეს რეალურს ხდის.

ღვთიური მანანა

“ეს რაიმე ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!” - თქვა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში, 17 აპრილს და აროგანტული უწოდა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს - BMG-სთან ბოლო ინტერვიუში წარმოთქმული სიტყვებისთვის. ელჩმა თქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა და მას შენარჩუნება სჭირდება.

პაპუაშვილი კი თვლის, რომ სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირს სჭირდება.

“ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ”, - პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის თემას შანტაჟის იარაღად - ადამიანის ემოციებზე სათამაშოდ იყენებს და თან აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ მოელის.

გერმანია ერთ-ერთია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა - ორ ეტაპად, სულ 13 ადამიანს. გვარები არ უთქვამთ. “არ გვინდა ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ” - უთხრა BMG-ს გერმანიის ელჩმა. პეტერ ფიშერმა ასევე განმარტა, რომ „არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა“, მაგრამ უვიზო მიმოსვლის ფუნდამენტს მათ შორის - დემოკრატია და ადამიანის უფლებები წარმოადგენს და ამიტომ გადასახედია - “არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული” საქართველოს შემთხვევაში. “ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ”, - ამბობს ელჩი ფიშერი.

18 აპრილს პაპუაშვილმა ეს თემა ისევ განაგრძო და კიდევ ორი განცხადება გააკეთა, ამჯერად წერილობით, ფეისბუკზე. ორივე ერთნაირი - რომ “მტრების გულის გასახეთქად” სულ უფრო იზრდება და 60-დან უკვე 123-ს მიაღწია იმ ქვეყნების რიცხვმა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ელიან.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია”, - წერს პაპუაშვილი.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემაზე “ქართული ოცნებიდან” კიდევ არაერთი მსგავსი განცხადება გაკეთდა.

მაგალითად, “ქართული ოცნების” დეპუტატი - ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ “უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია”, მაგრამ ის “ტყუილად არავის მოუცია”.

„ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია”, - ამბობს წილოსანი, მაგრამ აღარ აკონკრეტებს - ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, როცა ახლა თავად ევროკავშირი სწორედ “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლაზე, შეწყვეტილ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ლაპარაკობს.

წილოსანი უცნაურ არჩევანს ხატავს და მერე, ხალხის ნაცვლადაც თავად ირჩევს:

“თუ კომფორტი [უვიზო მიმოსვლა - რ.თ.] წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად“ .

დაირაზმა “ქართული ოცნების” განაყოფიც - “ხალხის ძალა”, რომელმაც ღიად ანტიდასავლური მესიჯების გავრცელება ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობიდან დაიწყო. სოზარ სუბარიც ხალხის მაგივრად ლაპარაკობს და ისევ “დიპ სტეიტის” შეთქმულების თეორიას ეყრდნობა:

“ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავს მოხვევასაც “დიფ სთეითი” ცდილობს”.

ფეისბუკში, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები და მომხრეები წერენ, რომ - ომსა და უბედურებას ისევ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ვიზის ასაღებად საელჩოების რიგში დგომა ურჩევნიათ.

საზოგადოების პროდასავლური ნაწილი ამგვარ მესიჯებზე მწვავედ რეაგირებს - ბრაზობენ აბსურდული არჩევანის, მათი სახელით გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალგაზრდების ევროპული მომავლის განადგურების გამო.

“ჩვენ რომ ფული ვიშოვოთ, ამიტომ თქვენ უნდა მოითმინოთ ისევ ჩაკეტილში ცხოვრებაო. დუბაიში და ჩინეთში ივლიან… პატრიოტიზმი ამათთვის შვილების შეწირვა ყოფილა”, - წერს ფეისბუკზე ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების შესახებ და სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში - მძიმე შედეგებს პროგნოზირებს: “უამრავი ტურისტული [კომპანია] გაკოტრდება, უამრავი ადამიანი განათლებისა და მკურნალობის გარეშე დარჩება”.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხალხის შემზადება დაიწყო მესიჯით - „ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რაც მისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხეების შეგრძნებაზე მიანიშნებს.

"ქართულმა ოცნებამ შეძლო ბევრი პროპაგანდისტული მესიჯის გატანა, თუმცა, იმედი მაქვს რომ ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს”, - ამბობს ყოფილი მინისტრი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის ინტერესებს უკავშირებს.

რა იგეგმება ევროკავშირში?

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების კრიტერიუმების გაიოლებასა და გაფართოებას გეგმავს.

სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ცვლილებები შეეხება „ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს“, „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზულ დარღვევას” და “ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას”.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ, რადგან ეს ბლოკის საგარეო ურთიერთობებს ეხება.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების დღეს მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ძირითადი საფუძველია:

  • თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] - წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება ამ მაჩვენებლის 20%-მდე შემცირება;
  • რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში [წესების დამრღვევთა დაბრუნება საქართველოში] თანამშრომლობის მაჩვენებლების მიხედვით;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების ზრდა - სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებლების მიხედვით.

„რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს ახლაც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების დღეს მოქმედი [2018 წელს დამტკიცებული] მექანიზმი, თუმცა არა პირდაპირ და მკაფიოდ. ახალი ცვლილებებით კი, ეს უფრო ნათლად ჩაიწერება და უფრო იოლი გახდება მისი მორგება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

“ევროკავშირმა ამ ნაბიჯის გადადგმა იმის გამო გადაწყვიტა, რომ გლობალურად შეინიშნება ავტორიტარიზმის განვითარება ბევრ ქვეყანაში, რაზეც მეცნიერები უკვე ბევრს ლაპარაკობენ. როცა ევროკავშირი ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო მიმოსვლას უწესებდა, იმედოვნებდა, რომ ხელს შეუწყობდა მისი ავტორიტეტის ზრდას და ამ ქვეყნის დემოკრატიზაციას…

მაგრამ უკუშედეგები მიიღეს. მაგალითად, საქართველოსთან რომ ინარჩუნებენ უვიზო მიმოსვლას, მეტი არგუმენტი ეძლევა “ქართულ ოცნებას” - ე.ი. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, თორემ, თუ ჩვენ ასეთი ცუდები ვართ, მაშინ რატომ გვაქვს სავიზო ლიბერალიზაცია?! ამ დროს კი ხალხი აპროტესტებს, არ მოსწონს, მაგრამ გავლენას ვერ ახდენს”, - კახა გოგოლაშვილი ასევე გვეუბნება, რომ დაგეგმილი ცვლილებები ცალკე და უშუალოდ საქართველოსთვის არ იგეგმება და შეეხება 61 ქვეყანას, სადაც სავიზო ლიბერალიზაცია მუშაობს.

გოგოლაშვილი მოელის, რომ შეჩერების ეს ახალი მექანიზმი, ადრე თუ გვიან, ამოქმედდება საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ადამიანის უფლებებთან თუ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები კარგად ცნობილია ევროკავშირისთვის და ამის საფუძველზეც უკვე არაერთი შეზღუდვაა თუ სანქციაა დაწესებული “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ევროკავშირის მიღმაც.

“აგრესიული თავდაცვაა ეს” - ასე აფასებს კახა გოგოლაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ბოლო დღეებში აგორებულ კამპანიას ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის წინააღმდეგ.

უვიზო მიმოსვლის საფუძვლების გადახედვაზე მსჯელობა ევროკავშირში ჯერ კიდევ 2023 წლიდან დაიწყო და გარკვეული სამუშაო 2024 წელსაც შესრულდა; თუმცა ახლა უკვე მოელიან, რომ გაჭიანურებული პროცესი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

შარშან ამ დროს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ სავიზო ლიბერალიზაცია შეჩერება შეუძლებელი იყო - რადგან ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას საჭიროებდა; თბილისს კი დიდი მეგობრის - უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს იმედი ჰქონდა. მას შემდეგ, "ოცნებას" არაერთმა უცხოელმა ექსპერტმა თუ პოლიტიკოსმა მკაფიოდ განუმარტა, რომ უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად კონსენსუსი საჭირო არ არის.

"ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო ამ ეტაპზე უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან. გერმანიის ელჩმა BMG-სთან განაცხადა, რომ - ამ ეტაპზე, თბილისთან, პირდაპირი და მით უფრო მაღალი დონის დიალოგი აღარ არსებობს.

  • “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოციათ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, უნგრეთისა და სლოვაკეთს გარდა.
  • შიდა თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები დაწესებული აქვთ - გერმანიას. ჩეხეთს, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს. [სავიზო შეზღუდვები და სანქციები აქვთ დაწესებული ასევე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს].

ევროკავშირმა უკვე გააუქმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რითაც სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები სარგებლობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ - სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ვიზის აღება უკვე დასჭირდათ.

წყარო: "რადიო თავისუფლება