„საქართველო და თურქეთი დღეს არამხოლოდ მეზობლები, არამედ პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონული განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის. თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია - 2024 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნათლად მეტყველებს ჩვენი ეკონომიკების მჭიდრო ინტეგრაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო - თურქეთის ბიზნეს-ფორუმის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა თბილისში მიმდინარე ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ერთად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბიზნეს ფორუმზე 80-მდე თურქული და 160-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. მინისტრის შეფასებით, ეს ცხადად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ორივე ქვეყნის ბიზნეს-სექტორების დაინტერესება, რომ მტკიცე და შედეგზე ორიენტირებული კავშირები დაამყარონ.

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის მთავრობის და ფორუმის მონაწილე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი გააცნო და ამ კუთხით თურქეთთან თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 9.4% შეადგინა. ამასთან, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 2025 წელი ასევე ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო: იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კერძო სექტორის განვითარების, სატრანსპორტო და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების გაუმჯობესების, პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთი რეგულარულად ზრდის საქართველოში ინვესტიციებს და  ზოგადად, ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში  სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის შესახებ. მათ შორის: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, შავი ზღვის ელექტროგადამცემი წყალქვეშა კაბელი. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დასრულების ფაზაშია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკის იმ სექტორებზე, სადაც საქართველო და თურქეთი წარმატებით, ნაყოფიერად თანამშრომლობენ. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის, როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების კონტექსტში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქული კომპანიების აქტიური მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში. დღეისათვის, 2,700-ზე მეტი თურქული კაპიტალით შექმნილი კომპანია ოპერირებს საქართველოში სხვადასხვა დარგში. აღსანიშნავია თურქული კომპანიების განსაკუთრებული როლი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ - მხოლოდ გასული 5 წლის მანძილზე მათი მოცულობა 150 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობაზე აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თურქეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი კომიტეტის  გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას წარმოშობის წესების ახალი რედაქტირებული PEM წესებით (რეგიონული კონვენცია პანევროპულ-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ) ჩანაცვლების მიზნით.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს