ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც არსებობს.
„შეხვედრისას ჩვენ გვქონდა საშუალება, გვემსჯელა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე. დავსახეთ ახალი გეგმები და საერთო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებში ოპერირებადი კერძო სექტორების წარმომადგენლების ურთიერთდაკავშირებადობას და მათი ბიზნეს-საქმიანობების გაფართოებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრებს შორის შეხვედრისას დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. როგორც აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მესამე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოა და უშუალოდ ქვეყანაში 2700-ზე მეტი კომპანია ოპერირებს თურქული ინვესტიციით. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნები განაგრძობენ თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც აღინიშნა, თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად საქართველოს თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნეს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებით ძალისხმევას მიმართავენ, რათა თანამშრომლობა ქართულ და თურქულ საქმიან წრეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს და ნაყოფიერი იყოს.
მხარეებმა ასევე წარმატებულად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - სტატისტიკის თანახმად, თურქეთი მეორე ქვეყანაა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის. ხაზი გაესვა ნაყოფიერ ურთიერთობას სამოქალაქო ავიაციის სფეროშიც - კვირაში თურქული ავიაკომპანიაში 101 რეისს ასრულებენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის სამ აეროპორტში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და დელეგაცია რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს