გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 8-9 ივნისს, ბათუმში, სასტუმროში „ლე მერიდიენ ბათუმი“,  კონფერენცია Partnerships 4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია გაიმართება.

კონფერენციის ფარგლებში, 8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებისა და ადგილობრივი კერძო სექტორის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართება, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

კონფერენცია 9 ივნისს, პანელური დისკუსიით გაგრძელდება, რომელსაც  მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ ქათამაძე გახსნიან.

დისკუსიაზე პოლიტიკის დონეზე 2030 წლის დღის წესრიგის ლოკალიზაციის შესახებ იმსჯელებენ და მასში მონაწილეობას EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან გვალია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ნათია წიქარაძე, USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ახალაია და ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია მიიღებენ.

ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.