იზაბელ ნეტო — მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების მიმართულების მენეჯერი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას. ნეტო 22 ოქტომბერს დაგეგმილი პანელური დისკუსიის Digital Transformation: Future-Ready World ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.
იზაბელ ნეტოს ციფრული განვითარების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის სერვისებზე ციფრული წვდომის უზრუნველყოფის, ქსელის გაფართოების, სექტორის რეფორმის, რეგულირებისა და სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის განვითარების მიმართულებით. ნეტო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული პორტფელის კოორდინატორი წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარე წლის 22 -23 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი, ასევე სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან. წლების განმავლობაში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მაღალი დონის, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა.
წელს ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართება ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სხვა სექტორული მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს