Forbes-ის მილიარდერთა განახლებულ რეიტინგში ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასება $6 მილიარდამდე გაიზარდა.

წინა წლის რეიტინგში Forbes ლომთაძის ქონებას $5.9 მილიარდად აფასებდა, შესაბამისად, მისი ქონება დაახლოებით $100 მილიონით არის გაზრდილი.

ამასთან, ქონების ზრდის მიუხედავად, ლომთაძის პოზიცია გლობალურ რეიტინგში გაუარესდა. თუ გასულ წელს ის 597-ე ადგილს იკავებდა, განახლებულ სიაში 694-ე პოზიციაზეა. ამის მიზეზად სხვა მილიარდერების კაპიტალის უფრო სწრაფი ზრდა სახელდება.

ლომთაძის ქონების მთავარი აქტივი საბანკო-საფინანსო ჰოლდინგი Kaspi-ია, რომლის აქციებიც აშშ-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ივაჭრება. კომპანიის ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $19.3 მილიარდს შეადგენს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Kaspi-ის აქციების ღირებულება თითქმის 19%-ით გაიზარდა, რაც Forbes-ის შეფასებით, ლომთაძის ქონების მატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, მიხეილ ლომთაძე კვლავ უმდიდრეს ქართველ ბიზნესმენად რჩება. მისი ქონება მეორე ადგილზე მყოფი ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის, ქონებას დაახლოებით $3.3 მილიარდით აღემატება. Forbes ივანიშვილის ქონებას $2.7 მილიარდად აფასებს.