კომპანია Noosh Flowers- ის დამფუძნებელმა ნუკა შენგელიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ყვავილების ბაზრის განვითარების ტენდენციები შეაფასა. მისი თქმით, დარგი ქვეყანაში იზრდება, თუმცა ასორტიმენტის ძირითად წყაროდ კვლავ იმპორტი რჩება.
ნუკა შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე აქვს იმის პოტენციალი, რომ იმპორტირებული ყვავილები დიდწილად ჩაანაცვლოს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ყვავილების ბაზარი სტაბილურად იზრდება. მოთხოვნას ყვავილებზე ზრდის როგორც პირადი მოხმარება, ისე კორპორაციული სეგმენტი. აღსანიშნავია, რომ ონლაინ მიმართულებაც საკმაოდ ვითარდება, ვგულისხმობ იმას, რომ სწრაფი მიტანის სერვისი იზრდება, რაც ბაზარს მნიშვნელოვნად ავითარებს.
ბაზარზე ყვავილების მნიშვნელოვანი წილი მაინც იმპორტს უკავია. ჩვენთან ასორტიმენტის 90 პროცენტი სწორედ იმპორტირებულ ყვავილებზე მოდის. ჩვენ ყვავილებს ვიღებთ ნიდერლანდებიდან, კენიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და რაც საინტერესოა მომწოდებლად დაგვემატა ჩინეთიც. სამწუხაროდ, ჩვენთან ყვავილების წარმოება ნელი ტემპით ვითარდება, მეორეს მხრივ კი გვაქვს პოტენციალი, რომ 90 პროცენტი ყვავილების კი არ შემოვიტანოთ იმპორტით, არამედ ჩვენი წარმოება იყოს. ამისთვის კი, საჭიროა, შესაბამისი სათბურების განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების იმპლემეტაცია, რასაც შესაბამისი ინვესტიცია სჭირდება“. - განაცხადა ნუკა შენგელიამ.