„ჩვენი აქტიური წევრებიდან სამმა კომპანიამ დატოვა ბაზარი, დაახლოებით 10 კომპანია ფიქრობს ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა სხვა კომპანიები, ვისაც მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის სტატუსი, არ არის ასოციაციის წევრი, ამიტომ შეიძლება ეს ციფრი იყოს უფრო მეტიც“, - ამის შესახებ გადაცემა "რედაქტ 2"-ში „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა შემოსავლების სამსახურის მხრიდან 2021 წელს საგადასახადო პრაქტიკის ცვლილების სექტორზე გავლენაზე და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო განვლილ პერიოდზე საინფორმაციო ტექნოლოგიურ კომპანიებს რამდენიმე მილიონ ლარს ედავება.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2021 წელს ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მასობრივი აუდიტი დაიწყო იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მათი საქმიანობა მიღებულ საშეღავათო სტატუს. 2021 წლის გაზაფხულზე, საქართველოს საგადასახადო უწყება დაუკავშირდა ვირტუალური ზონის პირების წარმომადგენლებს და მოსთხოვა, მიეწოდებინათ მათთვის იმის მტკიცებულება, რომ ისინი უცხოელ კლიენტებს აწვდიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროდუქტს.

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ინფორმაციით, განხორციელდა კომპანიების დოკუმენტაციის ნაწილობრივი შემოწმება, კერძოდ ფულადი მიმოქცევის მოცულობაზე საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. იმ კომპანიებმა, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის ფაქტი, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება დეკლარაციების შესწორების ვალდებულებაზე, რაც გულისხმობდა 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგვრას. კომპანიებს რეტროსპექტიულად გაუუქმდათ შეღავათი მოგების გადასახადში და მათ დაეკისრათ მოგების გადასახადის გადახდა წარსული პერიოდიდან, კერძოდ 2018 წლიდან მოყოლებული. იმის გამო, რომ კომპანიებმა პროდუქციის საქართველოში წარმოების ფაქტი ვერ დაადასტურეს, შემოსავლების სამსახურმა ასობით IT კომპანია დააჯარიმა.

ასოციაციის თავმჯდომარე „რედაქტ2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო საქართველო კომპანიების ნაწილმა დატოვა.

„კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ ძალაში შევიდა 2011 წელს და ამ 10 წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა, არანაირი კითხვის ნიშანი ამ კომპანიებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან არ დასმულა. ჩამოყალიბებული იყო დაბეგვრის პრაქტიკა და კომპანიები იხდიდნენ იმ გადასახადებს, რომელიც მკაფიოდ და ნათლად იყო გაწერილი ნორმატიული აქტებით.

ეს პრაქტიკა ძალიან მოულოდნელად შეიცვალა და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პრაქტიკის ცვლილება მოხდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რაც გულისხმობს, რომ არ მომხდარა არანაირი საკანონმდებლო ცვლილება ან რაიმე აქტის გამოცემა.

კომპანიებს საფუძვლად დაედო პოსტფაქტუმ გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება. ძალიან რთული იყო ის ვითარება, რომ საგადასახადო უწყება თავის მიდგომებში არ იყო მკაფიო და ჩამოყალიბებული, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ამ ორწლიან დავის პირობებში საგადასახადომაც რამდენჯერმე შეცვალა თავისი მიდგომა, სხვადასხვა კომპონენტთან მიმართებაში, საინფორმაციო პროდუქტის არსებითაც საქართველოში შექმნასთან დაკავშირებით, ხელფასის დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მოხდა რამდენიმე ნორმატიული აქტის გამოცემა. მთლიანობაში, ეს ორი წელი იყო საკმაოდ მძიმე ბიზნესისთვის, სამწუხაროდ არაერთმა კომპანიამ დატოვა საქართველოს ბაზარი.

მიზეზი იყო, რომ ეს მოხდა ძალიან მოულოდნელად ბიზნესისთვის, კომუნიკაციის გარეშე და რეტროსპექტულად. წარსული პერიოდით სანქციების და ჯარიმების დარიცხვა აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი კომპანიებისთვის. შესაბამისად ამ მიდგომამ დაკარგა კომპანიების მხრიდან სახელმწიფოსადმი ნდობა. ეს იყო სიგნალი, რომ შესაძლებელია რამდენიმე წელში მსგავსი პროცესები ისევ განვითარდეს, შესაბამისად, არცერთ ინვესტორს ასეთი არასტაბილური და არაგანჭვრეტადი გარემო ნამდვილად არ ხიბლავს. ეს იყო ძირითადი მიზეზი რის გამოც კომპანიებმა დატოვეს, შევიდნენ დავაში შემოსავლების სამსახურთან და ეს დავები დღესაც გრძელდება“,- აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.

მისი თქმით, ასოციაციის წევრების საქმეებიდან გამომდინარე დავების ღირებულება 5-6 მილიონ ლარს აღწევს ჯარიმებისა და საურავების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, ვირტუალური ზონის პირის" სტატუსი შეუძლიათ მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან უცხოელი მომხმარებლებისთვის ახორციელებენ გარკვეული ტიპის IT სერვისებს. სტატუსის მიღების შემდეგ ეს კომპანიები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, გათავისუფლებული არიან კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან. წმინდა მოგების განაწილების დროს ამ სტატუსის მქონე კომპანიებს აქვთ მხოლოდ დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

2023 წლის მდგომარეობით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 1204 კომპანიას აქვს მინიჭებული.

bm.ge