ბრენდი Pet's nanny - შინაური ცხოველების ძიძა მესამე წელია რაც ბაზარზეა და მისი მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე  ზრუნვა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. სერვისი მოიცავს სახლში ვიზიტს, გასეირნებას და ძიძასთან სახლში - ოჯახურ გარემოში ცხოველების დატოვებას.  ბრენდი ნინო გიქოშვილმა და სალომე თანდაშვილმა დააფუძნეს.

როგორც დამფუძნებლები „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავენ მათი სერვისის მიმართ მოთხოვნა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით დღესასწაულებზე.

„ცხოველების ძიძის მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებლები, რომლებიც გახსნის დღიდან ჩვენი სერვისით სარგებლობენ.

ჩვენ ვართ ძიძების დიდი გუნდი, რომლებსაც ცხოველების სიყვარული გვაერთიანებს. რაც შეეხება ფასებს, ის დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე და დღეების ზრდასთან ერთად დღიური ფასი კლებულობს. საშუალოდ გასეირნების ფასი 45 წუთის განმავლობაში 15 ლარია.“ - აცხადებენ  დამფუძნებლები.

რაც შეეხება  ერთი  ოთხფეხა მეგობრების დატოვებას  ძაღლების  შემთხვევაში მისი  ღირებულება 40 ლარია, ხოლო კატის შემთხვევაში 25 ლარი. 

„ჩვენი ძიძები ცხოვრობენ სხვადასხვა ლოკაციებზე, ჩვენ ოჯახებში ვანაწილებთ ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს გარკვეული დროით, აქედან გამომდინარე ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ გვაქვს, ვერგებით ყველას. ცხოველების ძიძის მიმართ მოთხოვნა მზარდია, თუმცა იზრდება კონკურენციაც.

ბიზნესის განვითარებას მოჰყვა ფასებიც დაკორექტირებაც, ეტაპობრივად ვცდილობთ ჩვენი ძიძების დაფასებას და მოტივაციას გაწეული სამუშაოსთვის. სამომავლოდ ვფიქრობთ სიახლეებზე და ახალი ბენეფიტების დამატებაზე, ვმუშაობთ საიტზეც, რათა ჯავშანი გავამარტივოთ“ - აცხადებენ დამფუძნებლები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბიზნესი ნულიდან დაიწყეს და ბაზარზე მარტივად დაიმკვიდრეს თავი.