როგორი იყო ზაფხულის ტურისტული სეზონი და რა მოლოდინები აქვს სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ის მოლოდინი რაც შავიზღვისპირეთში ბიზნესოპერატორებს ჰქონდათ, არ გამართლდა და ამაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის შავი ზღვის შესაძლო დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ვარაუდებმა. ბურჯანაძის თქმით, ამ ფონზე ტურისტები გადანაწილდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებში.

„მოლოდინი რომ იქნებოდა როგორც უცხოელი ასევე, შიდა ტურისტების მოზღვავება, არ გამართლდა. შავიზღვისპირეთში არსებობდა შეშფოთება კახოვკის ჰესის აფეთქებიდან გამომდინარე მოვლენების გამო, ამ ფონზე მოხდა ხალხის გადანაწილება იმ ტურისტული ობიექტებზე, რომელიც ზაფხულში დაუტვირთავი იყო  - სვანეთი, ბაკურიანი, გუდაური და ა.შ. შეიძლება ეკონომიკისთვის იგივე შედეგი მივიღეთ, მაგრამ ის მოლოდინი რაც შავიზღვისპირეთში ბიზნესოპერატორებს ჰქონდათ, არ გამართლდა,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება სარესტორნო სფეროს შოთა ბურჯანაძის თქმით, ზღვისპირეთის ტურისტების სხვა რეგიონებში გადანაწილების გამო მთიან რეგიონებში მდებარე ობიექტებმა, არსებულ მოლოდინზე მეტი შემოსავალი მიიღეს, რაც შეეხება დედაქალაქს და შავიზღვისპირეთს, აქ პირიქით მოხდა.

ბურჯანაძემ ისაუბრა იმ ნეგატიურ გავლენაზეც, რაც რუსეთიდან პირდაპირი რეისების მაღალი ეკონომიკური ეფექტის მოლოდინმა შექმნა,

„ის რომ პირდაპირი რეისების გამო მოლოდინი იყო რუსი ტურისტების, ეს ორმაგად უარყოფითი მომენტი აღმოჩნდა. არ მათგან ჩამოვიდა ბევრი ტურისტი და თან ამ მოლოდინმა დააფრთხო დასავლეთის ქვეყნების ტურისტები. ამიტომ სტრატეგია რუს ტურისტზე მთლიანად უნდა შეიცვალოს და არ ვიყოთ მასზე დაყრდნობილი. თუ ჩამოვლენ სფერომ ეს ბენეფიტად უნდა ჩათვალოს,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, 2022 წელთან შედარებით შემცირებულია მსყიდველუნარიანი ტურისტების რაოდენობა:

„სტატისტიკის თანახმად პირველ ადგილზე რაოდენობრივად რუსი ტურისტია, შემდეგ მოდის სომხეთი, თურქეთი და შემდეგ არის ევროპის ქვეყნები.  2022 წელში ტურისტების მსყიდველუნარიანობა და ხარჯვითი ნაწილი გაზრდილი იყო სხვა წლებთან შედარებით. ამ ფაქტორის განმსაზღვრელი იყო დასავლეთ ქვეყნების ტურისტი. მსყიდველუნარიანმა ტურისტმა მოიმატა ე.წ ზურგჩანთიან ტურისტთან შედარებით, 2023 წელს კი ეს ფაქტორი უკან დაბრუნდა,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვას. შოთა ბურჯანაძის თქმით, უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ეს ტურიზმის სფეროზე ავტომატურად დადებითად აისახება, ბურჯანაძის თქმით, ამ მხრივ სამუშაო აქვთ ტურიზმის ადმინისტრაციას და ტუროპერატორებს, რომ მოიზიდონ ტურისტული ჯგუფები ჩინეთიდან. შედეგს ბურჯანაძე შემდეგ წლებში ელოდება.

შოთა ბურჯანაძემ ჰორეკა სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამაში იგულისხმება კვალიფიციური კადრების მომზადებაც, რისთვისაც სექტორი სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობს და მონაწილეობს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, რომელმაც უნდა შექმნას პროფესიული სასწავლებლების პლატფორმა და მოიზიდოს ამ სფეროში დასაქმების მსურველი ადამიანები.

„ბიზნესი თვითონ მისცემს მიმართულებას, თუ რა მოთხოვნა აქვს დღეს ბაზარს და შესაბამისად გაიზრდება იმ ადამიანების შესაძლებლობები, რომელთაც ამ სფეროში დასაქმების სურვილი აქვთ. კვალიფიციური ადამიანები მაღალანაზღაურებად კადრებად იქცევიან,“- განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.