ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ახალმა ბრძანებამ ბოლო დღეების განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სფეროს წარმომადგენლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება როგორც საბანკო სექტორზე, ასევე საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე.

კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოში ისედაც არ არის მოჭარბებული ინვესტიციები და ასეთი მოვლენები ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობაზე.

„ცუდი ფაქტია რაც ხდება ეროვნულ ბანკში, არავინ არ მოელოდა ამას. სებ-ი და საბანკო სისტემა გამოირჩეოდა დიდი სანდოობით და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ყველაზე გამართული სფერო საქართველოში საბანკო სექტორია. ისედაც გართულებულ სიტუაციაში, როდესაც რეგიონში ამდენი პრობლემაა, ასევე უკრაინის ომის და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი საქართველო, ამ დროს ასეთი ნაბიჯები არ უნდა იდგმებოდეს, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში.

ამ ყველაფერს უყურებენ ინვესტორები და მათთვისაც შემაშფოთებელია, როცა ისედაც მოწყვლად ქვეყანაში ასეთი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. საქართველოში ისედაც არ არის მოჭარბებული ინვესტიციები და ასეთი მოვლენები ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობაზე. საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ კარგი საინვესტიციო გარემო შევქმნათ, მაგალითად ომს უკრაინაში და რეგიონში რუსეთის ფაქტორს ჩვენი ძალებით ვერ გავანეიტრალებთ, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ კანონის უზენაესობა, მაღალი ხარისხის დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო, კარგი საგადასახადო სისტემა, რაც მოიზიდავს ინვესტორს და გახდის ქვეყანას საინტერესოს მათთვის“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა შეცვალა წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება და გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას, ეროვნულ ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა, თუმცა პარლამენტმა მეორე დღესვე აირჩია სებ-ის საბჭოს ორი ახალი წევრი.