„თუ სახელმწიფო აქტიურად არ ჩაერევა, ჩათვალეთ, რომ ქართული ბიზნესი არ იარსებებს“,- ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია „სანდომის“ გენერალურმა დირექტორმა მერაბ ვასაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მან ქართული ბიზნესის ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონდიტროს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის ძვირად ღირებული დანადგარები სჭირდება, რაც თვითღირებულებას ზრდის. უბნის ქსელური მარკეტები კი, შედარებით იაფ იმპორტულ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას.

"ნებისმიერ ქსელურ მაღაზიასთან როდესაც მიდიხარ, ყველა გიწყებს საუბარს, რომ მივესალმებით ქართულ პროდუქტს, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ხდება. ჩვენ ამ ქსელებისთვის მისაღები ვიყავით მაშინ, როდესაც ვაწარმოებდით ისეთ პროდუქტს, რაც ძირითადად ხელით იწარმოებოდა. იმისათვის, რომ შექმნათ პროდუქტი საკონდიტრო წარმოებაში, რომელიც კონკურენციას გაუწევს ანალოგიურ პროდუქტებს, საჭიროა დანადგარები, ოღონდ არა ჩინური, იმიტომ რომ ჩინური დანადგარი იაფია, ოღონდ ხარისხს ვერ მოგცემს. თუ გინდა მაღალი ხარისხი უნდა შეიძინო ან გერმანული ან ავსტრიული, რომლის ფასიც, რა თქმა უნდა, ჩინურთან შედარებით, ყველაზე მცირე 10-ჯერ მეტია. ჩვენ როდესაც უკვე ეს გამოცდილება გვქონდა, გავრისკეთ, რომ შეგვეძინა ეს ძვირად ღირებული ბრენდი, აგვეღო ბანკის კრედიტი. გვაქვს ორი ხაზის პროდუქცია, ერთი არის პრემიუმ ხაზი, მეორე არის ეკონომ პროდუქტი. ეს ეკონომ პროდუქტი ფასით, ხარისხით სერიოზულად უსწრებს მის ანალოგიურ რუსულ კონკურენტებს. რაც შეეხება პრემიუმ კლასს, საკმაოდ ცნობილი უკრაინული ბრენდი, რომელიც ითვლება ნომერ პირველად, ამ ბრენდთანაც თავისუფალი კონკურენცია გვაქვს. მაგრამ რა ხდება ქსელურებთან მიმართებაში?! საუბარი არ მაქვს დიდი ქსელურებზე, სადაც არის მართლა ყველაფერი, იღებენ ჩვენს პროდუქტს, მაგრამ ის რომელიც ყიდის ყველაზე მეტ რაოდენობას, ანუ უბნის მაღაზიები, იმას ჩვენი პროდუქტი არ აწყობს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან მათ აქვთ თავიანთი იმპორტირებული პროდუქტი",- ამბობს მერაბ ვასაძე.

მან გამოსავლის გზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქსელებს ქართული პროდუქტების წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდეთ და ასევე, დარეგულირდეს ქეშბექების საკითხი.

"ყბადაღებული თემა, რომ დღგ-ს გადასახადი შევამციროთ, აბსურდია. დღგ-ს გადასახადი ჯამში არის მაქსიმუმ ნავაჭრის 5%, იმიტომ რომ დანარჩენი ჩასათვლელი დღგ გაქვს. აქ ქეშბექი მიაქვთ ქსელურებს სადღაც მინიმუმ 25-30%. ანუ ეს გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაგვეხმაროს ქართულ ბრენდებს.მესმის, რომ ქსელური მარკეტები არის კერძო ბიზნესი, აქვს მისი უფლებები, მაგრამ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ყიდიან საკუთარ პროდუქციას. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა აიძულოს, რომ შეწყვიტონ ქეშბექების ყოველწლიურად გაზრდა და რაღაც დონეზე შემცირდეს.

ჩვენს ქარხანაში მუშაობს 400-მდე ადამიანი. ახალ ხაზებს, რომელიც შემოვიტანეთ და უზარმაზარი თანხები დაგვიჯდა, ფაქტობრივად ვერ ვამუშავებთ. დატვირთული გვაქვს 20-30%. ანუ ამ ხალხის უმრავლესობა უკვე გვყავს გაჩერებული. პლუს ამას, ყველამ იცის, დღეს რა პრობლემაა თანამშრომლის გაზრდა და პროფესიონალურად ჩამოყალიბება, რამხელა ხარჯებს ითხოვს. ფაქტობრივად, ამ კადრებს ვკარგავთ იმიტომ, რომ ვერ ვყიდით პროდუქციას. ამიტომ სახელმწიფოსგან ვითხოვთ დახმარებას. პირველი, რომ ქსელურებმა შეწყვიტონ ქეშბექების მუდმივი გაზრდა. არ ვამბობ, რომ საერთოდ ქეშბექი არ ჰქონდეთ, იმიტომ რომ ქსელური ქეშბექის გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ ყოველწლიურად 5%-ით გაზრდა ბოლო-ბოლო რამდენზე უნდა ავიდეს?

სახელმწიფომ უნდა აიძულოს ქსელური მაღაზიები, რომ შეწყდეს ექსკლუზივ წარმოება ერთი ორგანიზაციისთვის.

ჩვენ 2025 წლისთვის ერთ-ერთმა მსხვილმა გაერთიანებამ გამოგვიშვა ქსელიდან. მოლაპარაკებულები ვიყავით, გვესაუბრებოდნენ ექსკლუზივზე, არ იყო ჩვენი სურვილი ექსკლუზივი, მაგრამ შეგვითანხმდნენ პროცენტზე და ერთ დღეს დაგვირეკეს, რომ თქვენს კონკურენტთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ხვალიდან შეგიძლიათ ქსელიდან გაიტანოთ საქონელი. გამოვედით ამ ქსელიდან, მივიღეთ ძალიან სერიოზული პრობლემები. ამიტომ ალბათ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს ის, რომ აუცილებლად ვალდებულება ჰქონდეს, რომ მიიღოს ქართული ბრენდი.

მესამე კიდევ ერთი საინტერესო თემა. შეიძლება იყო მაღაზიაში წარმოდგენილი, მაგრამ დაგალაგონ სულ ქვედა თაროზე, სადაც პროდუქცია არ იყიდება. ამ შემთხვევაში შენი ძირითადი პროდუქცია იყიდება კალათებით, აქციაში. მთავრდება წელი და ქსელი გიწყებს საუბარს: „იცი რა, მე ძალიან ძვირი დამიჯდა თქვენი პროდუქციის გაყიდვა, ამიტომ საჭიროა დაგვიმატოთ კიდევ რაღაც პროცენტი". რეალურად კი ის ჩემს პროდუქციას არ ყიდის, იმიტომ რომ მის გამოსაჩენ ადგილას არ დებს",- ამბობს მერაბ ვასაძე.

bm.ge