2025 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 453 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 76 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 26 მილიონი ლარი. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1.675 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 473 მილიონ ლარს.
მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაი“ (92 მლნ. ლარი) ლიდერობს, მეორე ადგილზე „თიბისია“ (78 მლნ ლარი), მესამე ადგილზე კი "იმედი L“ (60 მლნ ლარი).
ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (34 მლნ ლარი) აანაზღაურა, მეორე ადგილზეა „თიბისი" (27 მლნ ლარი), მესამეზე კი „ალდაგი“ (24 მლნ ლარი) იკავებს.
2025 წლის პირველ კვარტალში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 66.7 მილიონი ლარით (ბაზრის 27%), შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L" – 53.4 მლნ ლარით (ბაზრის 21%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია "არდია" - 29.2 მლნ ლარით (ბაზრის 12%).
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 20.7 მლნ. ლარით, მას ბაზრის წილის 24% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 15.3 მლნ ლარით (ბაზრის 18%), ხოლო მესამეზე კი „ბენეფიტი” 11.9 მლნ ლარით (ბაზრის 14%).
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერი „ალდაგია“ 13.3 მლნ. ლარით (ბაზრის 36%), მეორე ადგილზეა „თიბისი“ 10.5 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „ირაო” 4.9 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს - 14.3 მილიონი ლარით. მეორეზე „ალდაგია“ – 8.9 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ - 4.3 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში მოზიდული პრემიით „ჯიპიაი” ლიდერობს - 2.1 მილიონი ლარით, მეორე ადგილზე „ალდაგი" 1.7 მილიონი ლარით. მესამეს კი „თიბისი” იკავებს - 0.9 მილიონი ლარით.
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.