ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე - გ. ა. და ფ. დ. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად, ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით" - ნათქვამია განცხადებაში.