ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასი იმპორტირებულის ფასს უტოლდება და მომხმარებლები უფრო მეტად იმპორტირებულს ირჩევენ, - ამის შესახებ კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი ზვიად გრძელიძე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი გამოწვევაა და გარკვეული გზებით ამის დარეგულირება უნდა მოხდეს.

"ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, რომელიც ვერ გადავლახეთ - მომხმარებელი მაინც იმპორტირებულს ირჩევს. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ თუ რაღაც კუთხით რეგულაცია არ მოხდა მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ განვითარდება. კი, ნამდვილად, არის დიდი პროექტები, ფინანსდება სტარტაპები, მაგრამ პროდუქციის გამოშვების შემდეგ მცირე და საშუალო საწარმოებს ხელშეწყობა სჭირდება, რათა თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ ბაზარზე. ჩვენ ახლა ამას ვახერხებთ, რადგან წლებია ბაზარზე ვართ და მომხმარებლები გვიცნობენ, მაგრამ ზოგადად, კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. აღნიშნულის მიზეზი კი პროდუქციის ფასია. იმპორტირებულ პროდუქციას ფასის ნაწილში კონკურენციას ვერ ვუწევთ. 

რაც შეეხება ხარისხის მიმართულებას - დაახლოებით, 2 თვის წინ ჩვენ ავიღებ ISO სერტიფიკატი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არანაკლები ხარისხი გვაქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქციას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფასი გადამწყვეტ როლს თამაშობს", - აცხადებს ზვიად გრძელიძე.

ცნობისთვის, "ბაია ფუდი" მომხმარებელს ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის, ფაფებს. კომპანია წარმოებაში არ იყენებს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. ზვიად გრძელიძის განმარტებით,  წარმოებაში  გამოიყენება  ქართული შვრია, ქერი, ხორბალი, სიმინდი.

შეგახსენებთ, რომ "ბაია ფუდი’’ ბაზარზე  2012 წლიდანაა წარმოდგენილი. ზესტაფონში მდებარე საწარმოს შექმნა და აღჭურვა, საერთო ჯამში დაახლოებით 200 000 ლარი დაჯდა, 2022 წელს კომპანიამ კი GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"