Jaguar Land Rover-ზე კიბერშეტევა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას დაახლოებით 1.9 მილიარდი ფუნტ სტერლინგი დაუჯდა,- ამის შესახებ ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელი ორგანიზაცია Cyber Monitoring Centre ავრცელებს

წყაროს მტკიცებით, 2025 წლის აგვისტოში Jaguar Land Rover მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რამაც კომპანიის შიდა IT სისტემების პარალიზება მოახდინა და კომპანიის მთავარ ქარხნებში: სოლიჰალში, ჰეილვუდში და ვულვერჰემპტონში წარმოება შეაჩერა. 

ორგანიზაციამ მომხდარი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მომხდარ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ კიბერდანაშაულად შეაფასა.

ინდურ Tata Motors-ს მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ წარმოება მხოლოდ თითქმის ექვსკვირიანი გაჩერების შემდეგ, მიმდინარე თვის დასაწყისში, კვლავ განაახლა. პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელს ბრიტანეთში სამი ქარხანა აქვს, რომლებიც ერთად დღეში დაახლოებით ათას მანქანას აწარმოებენ.

ინციდენტი კლასიფიცირებულია, როგორც მესამე კატეგორიის შემთხვევა, რადგან მისმა შედეგებმა ბრიტანულ კომპანიებს 1-დან 5 მილიარდ ფუნტამდე ფინანსური ზარალი მიაყენა.

გარდა ამისა,  Cyber Monitoring Centre-ში იუწყებიან, რომ ავტომწარმოებელ სექტორში მომუშავე მომწოდებლებს მოუწიათ გადარჩენისთვის მძიმე ნაბიჯების გადადგმა - ხელფასების შემცირება, სამუშაო საათების შემცირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში თანამშრომლების დათხოვნაც კი.