GCCA-ის განმარტებით, მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიწოდება კანონით დადგენილი ვალდებულებაა. GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნუცა ფუტკარაძის თქმით, ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საქონლის ფასისა და არსებითი მახასიათებლების შესახებ, რათა მომხმარებელმა შეძლოს გონივრული გადაწყვეტილების მიღება მის მიერ საქონლის შეძენის შესახებ. სააგენტომ მოვაჭრის მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა, კერძოდ, სააგენტოს მიღებული და დამუშავებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მანქანის გარბენის (ოდომეტრის) შესახებ ინფორმაცია - 190 952 კმ-დან 55 000 კმ-მდე შეამცირა/შეცვალა. შესაბამისად, ნივთის შეძენის დროს, მოვაჭრემ მომხმარებელს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.
„სამომხმარებლო ურთიერთობებში, მომხმარებლისთვის ხელშეკრულების დადებამდე ინფორმაციის მიწოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის საქონლის არსებითი მახასიათებლებისა და ფასის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს გონივრული და დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიერ საქონლის შეძენის შესახებ.
მიმდინარე წელს სააგენტომ ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა. მომხმარებელმა GCCA-ს მომართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც მან ერთ-ერთი სავაჭრო პლატფორმის საშუალებით ინდივიდუალური მეწარმისგან შეიძინა ავტომობილი, რომელსაც გარბენად (ვებ. გვერდზე და ადგილზე შემოწმების დროს) უფიქსირდებოდა 55 000 კილომეტრი, თუმცა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მანქანის გარბენის შესახებ ინფორმაცია - 190 952 კმ-დან 55 000 კმ-მდე შეამცირა/შეცვალა.
საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, GCCA-მ მოვაჭრის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისა და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა, კერძოდ მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება ან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება და რის გამოც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა.
საქონლის არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის კონცეფცია გულისხმობს მომხმარებლის წვდომას ინფორმაციაზე საქონლის იმ თვისებების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი შეძენის გადაწყვეტისთვის.
შიდა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-სამომხმარებლო კომერციული პრაქტიკის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 11 მაისის დირექტივის მსგავსად „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიც ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს, რა შემთხვევაშიც, მოვაჭრის საქმიანობა ითვლება შეცდომაში შემყვანად, მათ შორის, მოვაჭრის მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება ან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება და რის გამოც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა. “,- აღნიშნა ნუცა ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, თუ მიღებული საქონელი არ შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა.
„კანონი განსაზღვრავს, რომ მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
თუ საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა, საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა და მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.”,- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო ,,კომერსანტის” ეთერში.