,,გალერია თბილისში’’ ლაქშერი სივრცემ ვერ გაამართლა, რის გამოც სავაჭრო ცენტრმა ამ სივრცეში არსებული ბრენდების ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. ლაქშერი სივრცეს აპრილის ბოლოდან ევროპული ბრენდები დაიკავებენ. ტანსაცმლის სამი ბრენდი საქართველოში პირველად შემოდის.

კომერსანტთან“ საუბარში ,,გალერია თბილისის“ გენერალური დირექტორი ბრენდებს არ ასახელებს, თუმცა განხორციელებული ცვლილების მიზეზზე საუბრობს. ნიკა ცინცაძე აცხადებს, რომ ლაქშერი სივრცეში კუნძულების სახით წარმოდგენილმა კონცეფციამ არ გაამართლა, რის გამოც სავაჭრო ცენტრმა მათი ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.

,,ამ ტერიტორიაზე იყო კუნძულები. იყო რამდენიმე ბრენდის დაახლოებით 25 კვადრატულ მეტრიანი კუნძულები. სასინჯი ტერიტორია იყო ამ ბრენდებისთვის, თუ როგორ იმუშავებდნენ მათი ბრენდები ამ ერთობლივ სივრცეში. იმის გამო, რომ ეს გამართლებული არ იყო და კუნძულების მუშაობამ ამ სივრცეში არ გაამართლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეხსნა სამი სრულფასოვანი მაღაზია. მათთან მოხდა შეთანხმება და ისინი გავიდნენ. ეს უბრალოდ გადავაკეთეთ და სამი მაღალი კლასის ბრენდის მონო მაღაზია გაიხსნება მაგ ადგილას. ამ ბრენდებიდან არც ერთი არ არის საქართველოში ჯერ. აქედან გამომდინარე ვერ დავასახელებ. ეს მათი ქვეყანაში შემოსვლა იქნება და პირველად ჩვენს სავაჭრო ცენტრში იქნებიან წარმოდგენილები. აპრილის ბოლოს გაიხსნება მაღაზიები.''- აცხადებს ,,კომერსანტთან'' საუბრისას ,,გალერია თბილისის“ გენერალური დირექტორი ნიკა ცინცაძე.