საქართველოში სეზონურია ტურიზმი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, - აცხადებს „Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოკაია რადიო „კომერსანტის“ ეთერში და იმასაც ამბობს, რომ მართალია, 2025 წელი შედარებით უკეთესი იყო, ვიდრე 2024 წელი, თუმცა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს სექტორი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა.
„ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის, რომ მაგალითად, ხარჯები, მინიმუმ გაორმაგებულია 2018 წელთან შედარებით, ხოლო ფასები, ზუსტად იმიტომ, რომ არ არის იმდენი სტუმარი, რამდენიც იყო და ამავე დროს, უფრო მეტი სასტუმროა აშენებული, ზოგ შემთხვევაში იგივეა, ზოგ შემთხვევაში - უფრო დაბალია, ვიდრე 2018-2019 წლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი ხარჯებითა და შემცირებული შემოსავლით უფრო რთულ და არასახარბიელო მდგომარეობაშია ინდუსტრია“, - აცხადებს ირაკლი კოკაია.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ინდუსტრია პანდემიამდელ მაჩვენებლებს ვერ დაეწია, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარია, რომელიც ჯერაც ჩაკეტილია. ეს რომ ასე არ იყოს, კოკაიას აზრით, დიდი ალბათობით, სექტორი 2018 წლის პერიოდის მონაცემებს დაეწეოდა.
„უნდა ითქვას, რომ საგრძნობლად იზრდება შემდეგი ბაზრები: ინდოეთი და ჩინეთი, რომელთაც ორნიშნიანი ზრდა აქვთ. ვფიქრობ, ამ ორი ბაზრის ხარჯზე საგრძნობი ზრდა გვექნება. სხვა ბაზრებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პირდაპირ საჰაერო გზებზე - თუ იქნება ახალი მიმართულებები დამატებული ჩვენს აეროპორტებში, ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ თითოეულ ახალ ფრენას ძალიან ბევრი ახალი სტუმარი მოჰყავს“, - აღნიშნავს ირაკლი კოკაია.
ირაკლი კოკაია სასტუმროების სეზონურ დატვირთულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაღალი სეზონის შემოსავალი დაბალი სეზონის ხარჯებს ვერ ფარავს და სასტუმროები, რომლებიც ამ ტენდენციას ვერ გაუძლებენ, სეზონურად დახურვა მოუწევთ.
„მაღალ სეზონზე დატვირთულობა დაახლოებით 70-90%-ია, ზოგ შემთხვევაში, 90%-ს აჭარბებს ხოლმე. დაბალ სეზონზე შეიძლება იყოს 40% ან უფრო ნაკლებიც. იმისთვის, რომ სასტუმრო წამგებიანი არ იყოს, საჭიროა 50%-იანი დატვირთულობა მაინც.
თბილისის შემთხვევაში ცოტა ჭარბი მიწოდებაა, ვიდრე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასის მატება დედაქალაქში არ განიხილება. დიდი ალბათობით, იქნება სასტუმროები, რომლებიც ფასებს კიდევ უფრო დაბლა დაწევენ. შედარებით მაღალია მოთხოვნა კურორტის სასტუმროებზე, ასევე გორსა და კახეთშიც, უბრალოდ, სეზონურობას საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს ინდუსტრიაში. აქედან გამომდინარე ზაფხულში ძალიან მაღალი ფასები იქნება, ზამთარში - დაბალი ფასები. ვინც ვერ გაუძლებს ამ კონკურენციას, მოუწევს, სეზონურად დაიკეტოს“, - აცხადებს ირაკლი კოკაია.