ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებსაც ხელფასი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, 750 000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეეზღუდებათ. მათივე განმარტებით, ცვლილება საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებაზეა მიმართული და 2025 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

2025 წლის აპრილის მონაცემებით,  საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.75% მოდის, აპრილში ლარიზაცია დამატებით 0.14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.50 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სების ინფორმაციით, აპრილის თვეში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 78% ეროვნულ ვალუტაში გაიცა.

ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი "კომერსანტთან" ამბობს, რომ სების გადაწყვეტილების მიზანი საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც რისკის მატარებელია, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ტენდენციით, საპროცენტო განაკვეთები ლარის ვალუტაში იზრდება.

ხიშტოვანის თქმით, ასეთმა მკაცრმა დედოლარიზაციამ, შესაძლოა SME სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

„სებმა ეს გადაწყვეტილება რაღაც რეცეპტივით მოიგონა, როგორ შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურად შენარჩუნება. დოლარზე მოთხოვნა ხელოვნურად შემცირდება და შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაზე წნეხიც შემცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლარი ბანკებისთვის ბევრად მოთხოვნადი პროდუქტი გახდება ვიდრე დოლარი. ეს დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია შევაფასოთ- დედოლარიზაციის სახელით ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს.

ნელა, მაგრამ ურყევად იზრდება საპროცენტო განაკვეთი ლარში, სესხის ეროვნულ ვალუტაში გაცემასთან დაკავშირებული რისკები მომატებულია, შესაბამისად, სწორედ აქ ვხედავ საფრთხეს, რომ დედოლარიზაციას არ მოჰყვეს ლარში საკრედიტო რესურსის გაძვირება, რაც განსაკუთრებით  პრობლემური SME სექტორისთვის არის. ვხედავთ, რომ ეს რიცხვები მზარდია და ინფლაციის პირობებში კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ასევე, საპროცენტო განაკვეთების ზრდას ხელს პოლიტიკური გარემოც უწყობს. არის საფრთხე, რომ ადრე თუ გვიან, ლარში რესურსი ძალიან ძვირი გახდება ყველასთვის, იქნება ეს მოქალაქე, მეწარმე თუ SME სექტორის წარმომადგენლები“,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის რეგულატორული გადაწყვეტილებით ხელოვნურად შემცირებული განაკვეთები დეპოზიტარებს დოლარიდან ლარზე გადასვლისკენ უბიძგებს, თუმცა ზრდის რისკს, რომ ინვესტორები საქართველოს ფინანსური ბაზრიდან შემცირებული სარგებლის გამო, შესაძლოა საერთოდ გავიდნენ.

„ხელოვნურად, იმ გაგებით, რომ ეს რეგულატორული გადაწყვეტილებაა, განაკვეთებიც შემცირდება და ამით ეროვნული ბანკი დეპოზიტარებს დოლარში უბიძგებს, რომ ლარზე გადავიდნენ. თუმცა, აქ დიდია რისკი, რომ ეს დეპოზიტარები საერთოდ გავიდნენ საქართველოს ბაზრიდან, რადგან დოლარში სარგებელი ამერიკის სახაზინო ობლიგაციების ყიდვის დროს უფრო მაღალია. ამიტომაც, სარისკოა, რომ ასეთი ხისტი დედოლარიზაციის პირობებში, ეს კაპიტალი საერთოდ არ გავიდეს საქართველოდან“,- აღნიშნა ხიშტოვანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.