Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ზედა ათეულში სერიოზული ცვლილებებია, რაც, პირველ რიგში, ბილ გეიტსის ათეულს მიღმა დარჩენას ეხება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსი 2012 წლის მარტში შეიქმნა, რის შემდეგაც პირველადაა, როცა Microsoft-ის დამფუძნებელი საუკეთესო ათეულში არ ფიგურირებს.

გეიტსის ქონების დაახლოებით 30%-იანი ვარდნა განაპირობა აქციების მასობრივად გაყიდვამ და თანხის საქველმოქმედო მიზნებისთვის მობილიზებამ. საერთოდაც, გეიტსმა გამოაცხადა, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში თავისი ქონების 99%-ს სწორედ ამ მიზნებისკენ მომართავს.

Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემებით, გეიტსის კაპიტალი 124 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რაც ინდექსის მე-10 ადგილოსან იენსენ უანის კაპიტალზე 19 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს უორენ ბაფეტს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ტოპ-5-ში სტაბილურად ტრიალებდა, ახლა კი, 144 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალით, ინდექსის მე-9 ადგილზეა.

2025 წლის 11 ივლისის მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10 ასე გამოიყურება:

  • ილონ მასკი - 357 მლრდ აშშ დოლარი
  • მარკ ცუკერბერგი - 256 მლრდ აშშ დოლარი
  • ლარი ელისონი - 251 მლრდ აშშ დოლარი
  • ჯეფ ბეზოსი - 243 მლრდ აშშ დოლარი
  • სტივ ბალმერი - 173 მლრდ აშშ დოლარი
  • ბერნარ არნო - 165 მლრდ აშშ დოლარი
  • ლარი პეიჯი - 161 მლრდ აშშ დოლარი
  • სერგეი ბრინი - 151 მლრდ აშშ დოლარი
  • უორენ ბაფეტი - 144 მლრდ აშშ დოლარი
  • იენსენ უანი - 143 მლრდ აშშ დოლარი

bpn.ge