ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების მიმართ მეწარმე-ფერმერების დაინტერესება მზარდია, თუმცა ისინი სრულად ბიო წარმოებაზე გადასვლისგან თავს იკავებენ. ბევრი ბიო პროდუქტს აწარმოებს, თუმცა შესაბამისი სერტიფიკატის აღებისგან თავს იკავებს. რა პრობლემებსა და გამოწვევებს აწყდებიან ფერმერები ბიო წარმოებაზე გადასვლის პროცესში? საკითხზე ,,კომერსანტი“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას” დირექტორს ესაუბრა. მარიამ ჯორჯაძე აცხადებს, რომ მათ კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავენ, რაც ბიო წარმოებაზე გადასვლით დაინტერესების მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს. გამოწვევა და პრობლება სერტიფიცირების მიღების ეტაპზე იწყება, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეწარმე-ფერმერები შიშობენ, რომ მათ მიერ გაღებული ფინანსური რესურსები არ იქნება გამართლებული და ისინი განხორციელებული ინვესტიციების ამოღებას ვერ შეძლებენ. “ელკანას” დირექტორი განმარტავს, რომ ბიო წარმოებაზე გადასვლის პერიოდში ხშირია მოსავლიანობის კლება, რაც ფერმერებისთვის ნაკლებ შემოსავალს გულისხმობს.
,,კონსულტაციისთვის ხშირად მოგვმართავენ. არის გარკვეული დაინტერესება, მაგრამ თუ განვიხილავ იმას, რომ ბიო წარმოება გულისხმობს მესამე მხარის სერტიფიცირებას (ფული უნდა გადაიხადო სერტიფიცირებაში) ამ ეტაპზე ნაკლებად გადადიან. ინტერესი არის და ბევრი ფერმერი მოგვმართავს კონსულტაციისთვის, მაგრამ იშვიათად მოგვმართავენ იმისთვის, რომ კონვენციის გეგმა შედგეს და შემდგომ შეიტანონ განაცხადი ბიო წარმოებაზე. თავს იკავებენ სერტიფიცირებისგან, რამდენადაც ეს საკმაო ხარჯია. როდესაც გადადიხარ ბიო წარმოებაზე, მინიმუმ პირველი სამი წელი არის რთული, რადგან ახალი ტიპის წარმოებაზე გადადიხარ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს მოსავლიანობის კლება. ამ პერიოდში მეწარმეს სჭირდება დიდი ხელშეწყობა. ბიო წარმოებაზე გადასვლის პერიოდში შეიძლება მოსავალმა დაიკლოს. ამ ეტაპზე მეურნეს ვერ ექნება ბაზარი მოძიებული, რადგან მას არ აქვს ბიო პროდუქტი. არც სერტიფიკატი აქვს და ამ პერიოდში მას უჭირს ამ ყველაფერს თავი გაართვას. არ იცის მიიღებს თუ არა ბიო მეურნეობიდან შემოსავალს.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორს ბიო წარმოებისთვის საჭირო სერტიფიკატის ზუსტი ღირებულების დასახელება უჭირს. მარიამ ჯორჯაძე განმარტავს, რომ ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფერმერებისთვის კიდევ ერთი პრობლემა ბიო პრეპარატების ფასს უკავშირდება, რომელიც შხამ ქიმიკატებთან შედარებით ძვირია.
,,სერტიფიკატის თანხა შეიძლება იყოს განსხვავებული ოდენობის. გააჩნია მეურნეობას. ის ითვლება იმის მიხედვით თუ სად არის მეურნეობა, რა დრო დასჭირდება მის ინსპექტირებას, რამდენჯერ და ა.შ. ზუსტი თანხის თქმა შეუძლებელია, მაგრამ გადასვლის პროცესში საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც დაკავშირებულია ბიო წარმოების საშუალებების შეძენასთან, რომელიც ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით უფრო ძვირი შეიძლება იყოს. თუ მეურნე კარგად არის განსწავლული შეუძლია თავად დაამზადოს.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
ბიო წარმოების განვითარებისთვის მეწარმე-ფერმერების მხარდაჭერაა საჭირო. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი პროგრამები არ ხორციელდება და სახელმწიფოს შეთავაზებები აბსოლუტურად არ ეხმიანება ფერმერების საჭიროებებს.
,,მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ბიო წარმოება განვითარდა არსებობს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც გამოწვევების დაძლევაში ეხმარება მეურნეს. ბიო წარმოებაზე გადასვა არ არის კონკრეტული, ერთი მეწარმის ბიზნესი მხოლოდ. ბიო მეურნეობაზე გადასვლით მეწარმე ქმნის საზოგადო კეთილდღეობას, რადგან არ იყენებს აკრძალულ ნივთიერებებს, ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ბუნებაზე და გარემოზე. ამით ისინი ბუნების მრავალფეროვნებას უწყობენ ხელს და ზოგავენ ბიოლოგიურ რესურსებს. ამიტომაც, ბევრი სახელმწიფო ამ პერიოდში ძალიან აქტიურად აფინანსებს ფერმერს. ანუ იმ პერიოდში, როდესაც არის გარდამავალი ეტაპი, ბევრგან არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ასეთი მეურნეობების მიმართ, რადგან სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია მომავალი განვითარება და გარემოს დაცვა. ჩვენ სამწუხაროდ ასეთი პროგრამა არ გვაქვს. პროგრამა, რომელიც არის საქართველოში აბსოლუტურად არ ეხმიანება ფერმერთა საჭიროებებს.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიო წარმოება ყველაზე კარგად მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განვითარდა. მარიამ ჯორჯაძე ამის მიზეზად სერტიფიკატის აღებაში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ დახმარებას ასახელებს. გარდა ამისა, ბიო ღვინომ გასაღების ბაზრები მოიძია და მევენახემ იცის, რომ წარმოების ახალ მეთოდზე გადასვლის შემდეგ, მას კარგი შემოსავალი ექნება. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სახელმწიფო ბიო წარმოებას უჭერს მხარს მეფუტკრეობაა. თუმცა ეს არასაკმარისია, რადგან მხარდაჭერა არ მოიცავს ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
,,დღეს სახელმწიფო ორ დარგს აფინანსებს. ეს დარგებია მევენახეობა-მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ის მოიცავს ბიო საშუალებების შეძენის ხარჯებს. აფინანსებს სერტიფიკატის ხარჯს, ოღონდ მხოლოდ სერტიფიკატის მიღების შემდეგ, რაც მევენახეობის შემთხვევაში არის მეოთხე წელს. მეფუტკრეობაში ხარჯი ბევრად მეტია, რამდენადაც აუცილებელია ლაბორატორიული შემოწმება, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. საკმაოდ მაღალ ხარჯებზე გადის ეს ყველაფერი. ამიტომ მეწარმეები ფიქრობენ, უღირთ თუ არა. ყველაზე კარგი მდგომარეობა ახლა არის მევენახეობაში, იმიტომ, რომ მცირე მეურნეობის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ მოუარო კარგად და გაყიდო კარგად. ტექნოლოგიები უკვე კარგად არის გამოცდილი მევენახეობაში. უფრო იციან როგორ გადავიდნენ ბიო წარმოებაზე. ვენახს ზოგადად უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მწარმოებლები. ბევრი მიბრუნდა მევენახეობაში, ვინც კარგად ერკვევა ამ დარგში. მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ღვინის წარმოება. სხვა სექტორებში სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა ნაკლებად არის.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.