ბიზნესის სხვადასხვა სექტორი თანდათან აქტიურად იყენებს AI-ს ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციის, მომხმარებელზე მორგებული მომსახურების, რისკების ანალიზისა და მონაცემთა ეფექტიანი დამუშავებისთვის.
ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მაგალითი გვაქვს; ყველაზე თვალშისაცემი კი ავტომატურ რეჟიმში მოპასუხე ჩატბოტებია, მაგალითად TBC-ის „თი-ბოტი“ და საქართველოს ბანკის ციფრული ასისტენტი, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციის დაჩქარებასა და გამარტივებაზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორში ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება საკრედიტო შეფასებისა და თაღლითობის აღმოჩენის სისტემებში.
მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იყენებს AI სისტემებს კანდიდატების შერჩევის, შეფასებისა და თანამშრომელთა მუშაობის ანალიზისთვის, თუმცა, საქართველოში ეს პრაქტიკა ჯერ შედარებით ახალია.
McKinsey-ის მონაცემებით, კომპანიები, რომლებიც აქტიურად იყენებენ AI-ს გაყიდვებსა და სხვა ოპერაციებში, საშუალოდ 20%-ით ამცირებენ ფინანსურ ხარჯებს.
Adwise Group-ის თანადამფუძნებლის, ბექა ზაქაიძის თქმით, AI-ით დაქირავებული თანამშრომლების სრულ ჩანაცვლებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, თუმცა, როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, რაც დრო გადის, სულ უფრო იკვეთება სფეროები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ჩართვა უკვე ექსპერიმენტი აღარ არის და მეტიც - მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი გახდა.
„ადამიანების ჩანაცვლებაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დიდ კომპანიას, რომელმაც დასაბუთებულად გამოაცხადა, რომ თანამშრომლები დაითხოვა და AI-ით ჩანაცვლების შემდეგ მოგებაზე გავიდა.
AI-ის გამოყენება ყველაზე დიდი წილით ხდება ვებ-დეველოპმენტში: სოფთვეარ დეველოპმენტში, კოდინგში და ასე შემდეგ. მაგალითად, Google-ის 50% უკვე AI-ის მიერ იწერება.
ასევე კარგად მუშაობს კოპირაიტინგი, სურათების გენერირების თუ ტექსტის მომზადების მხრივ“,- ამბობს ბექა ზაქაიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, რესპონდენტის თქმით, დღეს AI ყველაზე ხშირად კითხვებზე პასუხისა და მოკლე ტექსტების გენერაციისთვის გამოიყენება.
ზაქაიძე მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში გამოყენება მალე ყველა დასაქმებულისთვის აუცილებელი გახდება, რადგან მისი მაღალ დონეზე ფლობა, სამომავლოდ კომპანიის მოგებას და კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს.
„საქართველოში ხელოვნურ ინტელექტს მეტ-ნაკლებად აქტიურად იყენებენ, ოღონდ ეს აქტიური გამოყენება ძირითადად კითხვა-პასუხს და მოკლე ანალიზს მოიცავს. ცოტა ხნის წინ ჩვენ რეგიონს დაემატა ვიდეო-გენერაციაც. არ მგონია, რომ AI-ის სპეციალისტი, როგორც ასეთი ახალი პროფესია გაჩნდეს, უბრალოდ კონკურენცია მოიტანს იმას, რომ ყველას მოუწევს მისი გამოყენება; სხვა შემთხვევაში ძალიან ჩამორჩებიან სტანდარტს და ფიზიკურად ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანი.
ასევე ძალიან საინტერესო წინსვლა აქვთ სამედიცინო სფეროში, დიაგნოზირება ძალიან ხელმისაწვდომი გახდა. სამწუხაროდ, არ გამიგია, რომელიმე სტრუქტურა ან კერძო კლინიკა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობდეს“,- აღნიშნა Adwise Group-ის თანადამფუძნებელმა, ბექა ზაქაიძემ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.