ფინურ გიგანტ „ნოკიასთან“ გაფორმებული მოცულობითი ხელშეკრულება, 2025 წელს მომხმარებელთა გაზრდილი კმაყოფილება და ამ მიმართულებით კვლავაც აქტიური მუშაობა 2026 წელის მანძილზე - „სელფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში გასული წელი შეაფასა და 2026 წლის გეგმებზე ისაუბრა.
„2025 წელი ძალიან წარმატებული წელი იყო, რადგან გაკეთდა აქცენტი ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და შედეგმაც არ დააყოვნა. დავიწყებ იმით, რომ მთელი წლის მანძილზე ქსელის მასშტაბური განახლება მიმდინარეობდა და 300 საბაზო სადგური ან ახალი დაიდგა ან მოდერნიზაცია ჩაუტარდა. წლის ბოლოს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - შევიძინეთ 2 დამატებითი სიხშირული რესურსი და ასევე, გავაფორმეთ ძალიან მოცულობითი ხელშეკრულება ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, ფინურ გიგანტ „ნოკიასთან“, რომელიც მსოფლიოში ყველა წარმატებულ კომპანიას აწვდის მობილურ ტექნოლოგიებს. გავაფორმეთ მოცულობითი ხელშეკრულება კიდევ 400 საბაზო სადგურზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლიდან კიდევ უფრო გაფართოვდება ეს სამუშაოები, ქსელი კიდევ უფრო გაძლიერდება.
უკვე დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ 25%-ით არის გაზრდილი ინტერნეტის სიჩქარე, 99% არის დაფარვა ქვეყნის მასშტაბით, წინ მიიწევს 5G და ამ ქსელით დაფარულია უკვე 52%. რაც ყველაზე სასიხარულოა, ეს ყველაფერი აისახა მომხმარებლის კმაყოფილებაზე და კვლევა, რომელსაც სისტემატურად ვატარებთ, რეკორდული მაჩვენებელი მოგვცა - წინა წელთან შედარებით, მომხმარებლის კმაყოფილების 25%-იანი ზრდა გვაქვს.
სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, აღსანიშნავია vodafone-თან პარტნიორობით შექმნილი ლოიალობის პლატფორმა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ მომხმარებელს მხოლოდ იმისთვის აჯილდოებს, რომ „სელფის“ მომხმარებელია.
2026 წელსაც აუცილებლად გაგრძელდება მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა, ეს არის უპირველესი, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ხარისხიანი, სანდო მომსახურება, მთავარია, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ჩვენი იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა სოფო ბალავაძემ.