„არიას“ ნატურალური რძის პროდუქტები ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის კომერციული დირექტორი მაია ქურხაშვილი ამბობს, ფერმისა და საწარმოს შექმნა შპს „გეო-ინდუსტრიამ“ საკუთარი სახსრებით დაიწყო, დღეს უკვე 2 მაღაზია აქვთ თბილისსა და ბათუმში და პრემიუმ ხარისხის, 100%-ით ნატურალურ, თხის, ძროხისა და კამეჩის რძის 50-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებენ.
„არიას“ ისტორია 2006 წლიდან იწყება, როცა შპს გეო-ინდუსტრიამ სამეგრელოსა და იმერეთში თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. სენაკის რაიონში, ერთ ნაკვეთზე, ძლიერი ქარის გამო, თხილმა ვერ გაიხარა. რის შემდეგაც იმაზე დაიწყეს ფიქრი, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე თხილის ნაცვლად რა გაეკეთებინათ. მოკვლევის შედეგად გამოარკვიეს, რომ დიდი ხნის წინ აქ დიდი ფერმის საძოვარი იყო. „არიას“კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ფერმის იდეაც აქედან წამოვიდა.
„3 წელი აკვირდებოდნენ გარემოს, ცხოველებსა და ფრინველებს და ბოლოს თხის გაშენება დაიწყეს. თავიდან გვეგონა, რომ თბილისიდან ვმართავდით ფერმას, თხებიც თავისით გამრავლდებოდნენ, მწველავებსაც ადგილობრივად ავიყვანდით, ჩავაბარებდით თხის რძეს, თუმცა, არც თხა მრავლდებოდა ასე მარტივად და მაინც და მაინც არც ნატურალური თხის რძე სჭირდებოდათ კომპანიებს. ამის შემდეგ „არიას“ თანადამფუძნებელი, ლევან გამგებელი ოჯახთან ერთად სამეგრელოში გადავიდა. „არიას“ ფერმასა და საწარმოში 24-საათიანი შრომა ჩადეს, ყველა ეტაპზე ვაწყდებოდით პრობლემებსა და წინააღმდეგობებს და დღემდე სწავლისა და განვითარების პროცესში ვართ. საკუთარ ნაკვეთზე მოგვყავს ჩვენივე საქონლის საკვები, თხის ფერმა გვაქვს, საწარმო, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიბარებთ ძროხის და კამეჩის რძეს, რომელიც თავდაპირველად მანქანაში ჩამონტაჟებული აპარატურით მოწმდება და დაწვრილებით ანალიზს საწარმოს ლაბორატორიაში გადის, “ - ამბობს მაია ქურხაშვილი.
რაც შეეხება ინვესტიციას, „არიას“ კომერციული მენეჯერის თქმით, კომპანიამ ყველაფერი საკუთარი ხარჯებით გააკეთა, არანაირი გრანტი და დაფინანსება არ მიუღიათ, 100%-ით ნატურალურ პროდუქციას აწარმოებენ და ფასიც შესაბამისად საშუალოზე მაღალი აქვთ.
„არიას“ პროდუქცია გათვლილია მომხმარებლის იმ სეგმენტზე, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე და ვინც ჯანსაღი პროდუქტის ფასი იცის. ფასს რაც შეეხება - პრემიუმ ხარისხია და ბაზარზე შედარებით მაღალი ფასია, რადგან ნატურალური რძის პროდუქციის თვითღირებულება მაღალია,“ - ამბობს მაია ქურხაშვილი.
ქართველი, ჰოლანდიელი და იტალიელი ტექნოლოგების ერთობლივი ძალისხმევით, რძის პროდუქტის სახეობები შეიმუშავეს. პროდუქცია მალფუჭებადია და ძალიან მნიშვნელოვანია შენახვისა და გამოყენების პირობების დაცვა.
„არიას“ ასორტიმენტში 50-მდე რძის პროდუქტია, მათ შორის - თხის რძე, თხის იოგურტი, თხის ნედლი, დაძველებულ, ობიანი ყველი; ასევე კამეჩის პროდუქცია - მაწონი, ჩვეულებრივი და შებოლილი სულგუნი, ძროხის რძე, კეფირი, მაწონი, იოგურტი, ხაჭო, ნადუღი, მოცარელა, სტრატაჩელა, ბურატა, ზაფხულისა და გაზაფხულის ყველი და ა.შ.
რეალიზაციას რაც შეეხება, „არიას“ 2 მაღაზია აქვს - თბილისსა და ბათუმში. პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია საკურიერო მომსახურებით.
„უცხოეთში არ გაგვაქვს, რადგან ჩვენი პროდუქტი არანაირ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და მოკლე ვადები აქვს. უცხოეთში გატანა შესაძლებელია მხოლოდ დაძველებული ყველის. ჯერჯერობით საქართველოში ვითარდებით და სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ დაძველებული ყველი უცხოეთში გავიტანოთ“, - ამბობს მაია ქურხაშვილი.
მისი თქმით, დეკემბერში „არიას“ პირველი მაღაზიის გახსნიდან 2 წელი შესრულდება. ამ ხნის განმავლობაში ერთგული კლიენტები გაიჩინეს, თანამშრომლობენ ცნობილ ჰორეკა ობიექტებთან და შეფ-მზარეულებთან და კომპანია ზრდასა და განვითარებაშია.