გლობალური დათბობა არის ყველაზე მწვავე გლობალური კრიზისი, რომელიც ჩვენს პლანეტას საფრთხეს უქმნის და მეცნიერებს თავსატეხს უჩენს. დედამიწაზე ატმოსფეროში გადაჭარბებული რაოდენობის გამონაბოლქვის გამო საშუალო ტემპერატურა იზრდება. ეს ტენდენცია იწვევს სერიოზულ პრობლემებს და აქვს კონკრეტული შედეგები, მათ შორის ამინდის ცვალებადობა და გახშირებული სტიქიური კატასტროფებია.
გლობალურმა დათბობის გამო დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა უკვე საგრძნობია. ბოლო წლებში მსოფლიოს არაერთ ქალაქში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები და სიკვდილიც კი.
ტემპერატურის ზრდის გარდა, გლობალურ დათბობას უკავშირდება ქარიშხლების გაძლიერება: ოკეანის დათბობა უფრო მეტ ენერგიას აძლევს ქარიშხალს, რაც მათ აძლიერებს და მეტად დამანგრეველს ხდის. შეგვიძლია გავიხსენოთ ქარიშხლები „ჰარვი“, „მარია“ და „ირმა“ რომლებიც ანადგურებდნენ ყველაფერს გზაზე და უზარმაზარი ზარალი მოიტანა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც გლობალური დათბობა ჩვენს პლანეტას უქმნის ტყის ხანძრებია. ტემპერატურის მატება, გახანგრძლივებული გვალვები და ამინდის პირობების შეცვლა ტყეს უფრო დაუცველს ხდის. წელს ერთდროულად რამდენიმე კონტინენტზე ებრძოდნენ ტყის ძლიერ ხანძრებს, მაგალითად საბერძნეთსა და კანადაში.
ტემპერატურის ზრდა იწვევს მყინვარების დნობას და შესაბამისად ზღვის დონის მატებას. ეს კი აჩენს საფრთხეს, რომ დროთა განმავლობაში დაიტბორება სანაპირო დასახლებები და დაბალ კუნძულოვანი ქვეყნები შესაძლოა მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უზარმაზარია, არსებობს ნაბიჯები, რომლის გადადგმითაც ყველა ჩვენგანს შეუძლია დამანგრეველი შედეგების შემცირება და უფრო საიმედო გარემოს შექმნა. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
აუცილებელია სითბური აირების შემცირება. გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი სწორედ მათი გამოყოფაა, რასაც ადამიანის საქმიანობა იწვევს. მაგალითად ესაა საწვავის წარმოებისა და ტრანსპორტირებისთვის. აუცილებელია ენერგიის უფრო სუფთა წყაროებზე გადასვლა, როგორიცაა მზის, ქარი და ჰიდროელექტროენერგია. გარდა ამისა, ემისიების შემცირება შეიძლება მიღწეული იყოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით და ნარჩენების შემცირებით.
დროა მსოფლიო მოსახლეობა ელექტრომობილებზე გადავიდეს. ელექტრო ავტომობილებს ბევრად ნაკლები გამონაბოლქვი აქვთ, ვიდრე ტრადიციულ საწვავზე მომუშავე მანქანებს. ელექტრო მანქანების ინფრასტრუქტურის გაფართოებამ და მათი გამოყენების წახალისებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სატრანსპორტო გამონაბოლქვი.
გლობალური დათბობის შესამცირებლად აუცილებელია ადამიანებმა იზრუნონ მწვანე საფარზე. არსებული ტყეების დაცვის გაძლიერების გარდა, საჭიროა ხანძრების გამო განადგურებული ტყეების აღდგენა.
მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. ყოფითი პრობლემების გამო სამწუხაროდ ადამიანები გლობალური დათბობის შესახებ არც თუ ისე ხშირად ფიქრობენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეტი და ხშირად ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, მოვითხოვოთ ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან და თავად ვაქციოთ ჩვევად გარემოზე ზრუნვა.
გლობალური დათბობა არის პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი კატასტროფებიც. გამონაბოლქვის შემცირებითა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვით ჩვენ შეგვიძლია შევამსუბუქოთ გლობალური დათბობის შედეგები და შევქმნათ უფრო ჯანსაღი, უფრო გამძლე პლანეტა მომავალი თაობებისთვის. ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.