რა მთავარი ეკონომიკური მოვლენები დაგვამახსოვრებენ 2021-ს

რა მთავარი ეკონომიკური მოვლენები დაგვამახსოვრებენ 2021-ს

access_time2021-12-28 10:00:50

2021 წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ორნიშნა ინფლაციით, გაზრდილი უმუშევრობით, თითქმის ნულამდე დაყვანილი ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, გაზრდილი ფულადი გზავნილებითა და კოვიდით გარდაცვლილთა ხუთნიშნა მაჩვენებლით ასრულებს. 

 


ეკონომიკის აღდგენის დასაწყისი



წლის მთავარ პოზიტიურ ეკონომიკურ მოვლენად მშპ-ის ორნიშნა პროცენტული ზრდა უნდა ჩაითვალოს, მართალია ეს გასული წლის 6.8%-იანი ვარდნის ფონზე მოხდა და 2019 წელთან შედარებით ზრდა მხოლოდ 2-3 პროცენტი გამოდის, რაც საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის მიზერულია, მაგრამ შემობრუნება მაინც დადებითი მოვლენაა. 

 


12 თვიანი პაუზის შემდეგ ეკონომიკა პირველად 4%-ით მარტში გაიზარდა, საგულისხმოა, რომ შარშანაც ეკონომიკა მინუსში სწორედ მარტში გავიდა. იქამდე იყო იანვარი, როდესაც მშპ 11.5%-ით შემცირდა და თებერვალი შესაბამისად 5.1%-იანი კლებით. ჯამში პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა და პლუსში მხოლოდ მეორე კვარტალიდან გავიდა.

 


პირველ კვარტალში ქვეყანაში მძიმე ლოქდაუნი მოქმედებდა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა თებერვალში განაახლა, ისიც მხოლოდ სამუშაო დღეებში, კვების ობიექტები კი მარტიდან გაიხსნა. კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან იწყებოდა, ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ გასულ წელს მშპ 1.5%-ით, მაგრამ მაინც მხოლოდ პირველ კვარტალში გაიზარდა.

 


მარტის 4%-იანი ზრდის შემდეგ, აპრილში ეკონომიკა ყველასთვის მოულოდნელად 44.8%-ით გაიზარდა, რაც შარშანდელი 16.6%-იანი ვარდნის ფონზეც კი არანორმალურად მაღალი ჩანდა. მოცემულობა, რომლის მიხედვითაც აპრილში, კომენდანტის საათის პირობებში, ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი თითქმის 20%-ით გაიზარდა, დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს.

 


ეკონომიკური ზრდა აპრილის შემდეგაც გაგრძელდა და 10 თვის მდგომარეობით საშუალო ზრდის ტემპმა 10.5% შეადგინა. საქსტატის მიხედვით, პირველ კვარტალში მშპ 4.1%-ით შემცირდა, მეორეში 28.9%-ით გაიზარდა და მესამეში ზრდის ტემპმა 9% შეადგინა. 2021 წლის პირველადი წინასწარი მონაცემები 2022 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდება. პირველად 2007 წლის შემდეგ, ზრდის ტემპი ორნიშნა იქნება, იმ განსხვავებით, რომ 2006 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა, 2020 წელს კი 6.8%-ით შემცირდა.

 


ორნიშნა ინფლაცია



რეგულაციების მოხსნისა და დახურული ობიექტების გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ხელფასების ზრდის ტემპს ინფლაციამ გაასწრო. ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 12.5%-ით გაიზარდა. სურსათზე და მედიკამენტებზე კიდევ უფრო მეტად, რამაც დაბალშემოსავლიანი ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

 


ორნიშნა ინფლაცია რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასის გაორმაგებას, ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა პლატსზეც, რამაც საქართველოშიც საწვავის საცალო ფასი 50%-ით გაზარდა. იანვრიდან გაძვირდა ელექტროენერგიაცა და ბუნებრივი გაზიც. მართალია ტარიფი ბიზნესს მეტად გაეზარდა, მოსახლეობას ნაკლებად, მაგრამ ბიზნესმა გაზრდილი კომუნალური ხარჯები პროდუქციის ფასებში ასახა, რამაც საბოლოოდ ისევ მომხმარებლის ჯიბეს დაარტყა. ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხორბალზე ფასის მატების შედეგად გაძვირებულმა პურმაც.

 


იანვარში ინფლაციის განაკვეთმა მხოლოდ 2.8%, თებერვალში კი 3.6% შეადგინა, მარტში კი უკვე 7%-ს გადააჭარბა. ნახტომის მიზეზი მეთოდოლოგიაა. ზამთრის თვეებში იმ აბონენტებს, რომლებიც 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ, ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირდათ, საქსტატმა აღნიშნული გაიაფებად ჩათვალა, რამაც ინფლაცია ხელოვნურად 1.8 და 1.9 პროცენტით შეამცირა.


 


იანვრიდან ფიზიკურ პირებს ელექტროენერგია 1 კვტ-ზე 3.5 თეთრით გაუძვირდათ, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით გაზრდილი ფასი 1 წლის განმავლობაში მათთვის, ვინც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარდა, ბიუჯეტიდან დაეფარათ. საქსტატმა გაძვირებად არც ეს ფაქტი მიიჩნია.

 


იანვრიდან სუბსიდირების პროგრამა სრულდება, თებერვლიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება ძვირდება, რაც აჩენს იმის თქმის მყარ საფუძველს, რომ მაღალი ინფლაცია როგორც მინიმუმ 2022 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდება.

 


ინფლაცია, თავის არსით, დაფარული გადასახადია და თუ ადამიანის ნომინალური შემოსავალი უცვლელი რჩება, ან იზრდება, მაგრამ შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლით, ის რეალურად ღარიბდება, საილუსტრაციოდ პენსიონერთა მაგალითი გამოდგება. 2021 წელს 70 წლამდე ასაკის ადამიანებს პენსია 20 ლარით 240 ლარამდე, 70 წელს გადაცილებულებს კი 25 ლარით 275 ლარამდე გაეზარდათ, მაგრამ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით დღევანდელი 240 ლარი იმდენივეა, რაც შარშანდელი 213 და 275 ლარი იმდენივე, რამდენიც შარშანდელი 244 ლარი, ანუ ორივე შემთხვევაში გასული წლის ნომინალურ პენსიაზე ნაკლები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სურსათზე და მედიკამენტებზე ინფლაცია უფრო მაღალი იყო, რეალური სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 


სიღარიბის ზრდა



მაღალი ინფლაციის ლოგიკური გაგრძელება სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვის რეკორდული ზრდა გახდა. ნოემბერში სოციალური დახმარება 638 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც იანვრის მაჩვენებელს 20%-ით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი 24%-ით აღემატება. 2020 წლის ნოემბერში სოციალურ დახმარებას 516 ათასი ადამიანი იღებდა, მოსახლეობის 13.9%, 2021 წლის იანვარში 532 ათასი, მოსახლეობის 14.4% და 2021 წლის ნოემბერში 638 ათასი, მოსახლეობის 17.2%. პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის მარტში სოციალურ დახმარებას სულ 458 ათასი ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 12.4%-ა.

 


ის, რომ გასულ კრიზისულ წელთან შედარებითაც კი, მიზერული დახმარების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, პრემიერის შეფასებით „მდუღარე ეკონომიკას“ სერიოზულ ჩრდილს აყენებს.

 


საგარეო ვაჭრობის ზრდა



საინტერესო იყო სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც. მსოფლიოს მსგავსად საგარეო ვაჭრობის ბრუნვა საქართველომაც გაზარდა. კერძოდ, 11 თვის მონაცემებით, ექსპორტი 26.7%-ით $3.823 მლრდ-მდე, იმპორტი 24.5%-ით $8.999 მლრდ-მდე, ხოლო მთლიანი ბრუნვა 25.1%-ით $12.822 მლრდ-მდე გაიზარდა. ნომინალში ეს სარეკორდო რიცხვებია, ექსპორტმა უკვე გადააჭარბა 2019 წლის 12 თვის მაჩვენებელს. პრობლემას თავად ექსპორტის სტრუქტურა წარმადგენს, პროდუქციის უმეტესი ნაწილი ნედლეული ან რეექსპორტია. რეექსპორტია ჩამონათვალში $750 მლნ-ით პირველ ადგილზე მყოფი სპილენძის მადნები, $418 მლნ-ით მეორე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილები, $415 მლნ-ით მესამე ადგილზე მყოფი ფეროშენადნობი კლასიკური გაგებით ნედლეული არაა, მაგრამ არც საბოლოოო პროდუქტია. საბოლოო პროდუქტებიდან, თუ არ ჩავთვლით ავტომობილების რეექსპორტს, პირველ ადგილზე მყოფი ღვინის წილი მთელს ექსპორტში მხოლოდ 5.7%-ა და ფულად გამოხატულებაში $217 მლნ-ს შეადგენს. ათეულში ასევე შედის: სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, თხილი, აზოტოვანი სასუქები, სამკურნალო საშუალებები და ოქრო.

 


ნომინალში ექსპორტი $800 მლნ-ით გაიზარდა, საიდანაც $220 მლნ ჩინეთზე მოდის. ჩინეთი უკვე მეორე წელია, რაც #1 საექსპორტო პარტნიორია. მთავარ საექსპორტო პროდუქციას სპილენძის მადნები წარმოადგენს, რომელსაც საქართველო სომხეთიდან ყიდულობს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა, ამ ხნის შემდეგ ექსპორტი 203%-ით ხოლო იმპორტი 23%-ით გაიზარდა.

 


ინვესტიციების გაყინვა



საგარეო ვაჭრობისგან განსხვავებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, გასული წლის მსგავსად, ისევ კატასტროფული მდგომარეობაა. იანვარ-სექტემბერში FDI-ს მოცულობამ სულ $728 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მხოლოდ 3%-ით აღემატება. ინვესტიციებში 3 კვარტალის ჯამში 84% და მხოლოდ მესამე კვარტალში 98% რეინვესტირება იყო. ფაქტობრივად ქვეყანაში ახალი ინვესტიცია აღარ შემოდის, რის გარეშეც განვითარებადი ქვეყნისთვის რეალური ეკონომიკური წინსვლა ძნელად წარმოსადგენია.

 


გაყინული ინვესტიციების ფონზე ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხა სტაბილურად იზრდება. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში გადმორიცხული თანხის მოცულობამ $2.120 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.7%-ით აღემატება. ყველაზე მეტი თანხა ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა, თუმცა მისი წილი 16%-მდეა შემცირებული, მაშინ როცა 13-14 წლის წინ 50%-ს აჭარბებდა.

 


ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების ზრდა



ფულადი გზავნილები მშპ-ს კომპონენტი არ არის, თუმცა ის მოხმარებაზე ახდენს პირდაპირ გავლენას. 2020 წელს გზავნილების წილმა მშპ-ში ისტორიულ მაქსიმუმს - 13.3%-ს მიაღწია, რადგან 2021-ში გზავნილების ზრდის ტემპი, მშპ-ს ზრდის ტემპზე მაღალი იყო, ეს სახიფათო ბზარი კიდევ უფრო გაიზრდება. ჰაიტის ეკონომიკა 21%-ითაა გზავნილებზე დამოკიდებული, ნეპალის 24%-ით, ტაჯიკეთის 27%-ით, სომალის 35%-ით... საპირისპიროდ ავსტრიის 0.7%-ით, შვედეთის 0.6%-ით და შვეიცარიის 0.3%-ით.

 


ნაწილობრივ აღდგენილი ტურიზმი



პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს დაარტყა, განსაკუთრებული ზიანი იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომელთა ეკონომიკის ფორმირებაშიც ტურიზმს ორნიშნა პროცენტული წილი ეკავა. გასული წლის მარტის მეორე ნახევრიდან საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი განულდა. საზღვრის მკვეთთა ნაწილი კი არ ირიცხებოდა ტურისტად, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოში 24 სთ-ზე მეტი ხნით ჩერდებოდნენ, რეალურად ისინი ტრაილერის მძღოლები ან გადაზიდვასთან დაკავშირებული პირები იყვნენ. იმის იმედი, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ ტურიზმი 50%-ით აღდგებოდა გადაჭარბებული აღმოჩნდა და მხოლოდ 30%-ით აღდგა. მეტიც, რადგან გასული წლის იანვარში 20%-იანი და თებერვალი ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა, წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 2020 წლის მაჩვენებელს მხოლოდ ნოემბერში გაუსწრო.

 


ჰესების მშენებლობის შეჩერება



დაბალი გადასახადები ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ოკუპირებული ტერიტორიებისა და საგარეო უსაფრთხოების არარსებობის, აგრეთვე სასამართლოში არსებული პრობლემების, კვალიფიციური კადრების ნაკლებობისა თუ მცირე ბაზრის გამო, საქართველოში მასკი და ბეზოსი თანხებს არ დებენ. აქამდე განხორციელებული თითქმის ყველა მსხვილი ინვესტიცია ტრანზიტულ გაზსადენებსა და ნავთობსადენებს უკავშირდებოდა. მილსადენები ჰესებს უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ვერ ჩაანაცვლა. მემორანდუმები მემორანდუმებად დარჩა, კონტრაქტები შეწყდა. ანტიჰესურ კამპანიაში ჩართული პირები, ეკოლოგიის სახელით, მიკროკლიმატის შეცვლას ეწინააღმდეგებოდნენ, მაშინ როცა მათ ბოლო პერიოდში აშენებულ გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 თბოსადგურებზე ხმა არ ამოუღიათ და როცა ეს საყოველთაო პანიკის დასათესად არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა, ქუთაისის 34 მეტრის სიმაღლე ტალღით წალეკვის აპოკალიფსური სურათი დახატეს. ჰესების მოწინააღმდეგეები აქციებზე ქუთაისში უფრო მეტ მხარდამჭერს აგროვებდნენ, ვიდრე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თბილისში. ჯერ ნამახვანის კაშხლის სამუშაოები, შემდეგ კი მთლიანად ჰესის მშენებლობა შეწყდა.

 


საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად ენერგომოხმარებაც აუცილებლად გაიზრდება. მოხმარების ზრდას თუ გენერაციის ზრდა არ დააბალანსებს, დეფიციტის ზრდა და მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ყოველწლიურად გაიზრდება. პროცესი უკვე დაწყებულია.

 


მაშინ, როცა ეკონომიკა მხოლოდ გასული წლის ვარდნის ფონზე იზრდება და ქვეყანაში ახალი ინვესტიციები აღარ შემოდის, 2022-ში დაპირებული 6%-იანი ზრდა და მით უფრო 1 სულ მოსახლეზე ნომინალური შემოსავლის $5500-მდე მატება ფაქტობრივად მიუღწეველ მიზნად რჩება. ისევ და ისევ საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით, იანვარსა და თებერვალში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, მარტიდან კი ნელ-ნელა რეალობასთან დაბრუნების პერიოდი დადგება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up