როგორ დაასაბუთებს მთავრობა მაისში ეკონომიკის ასტრონომიულ ზრდას - აპრილის 44.8%-იანი ნახტომი კითხვებს ტოვებს

როგორ დაასაბუთებს მთავრობა მაისში ეკონომიკის ასტრონომიულ ზრდას - აპრილის 44.8%-იანი ნახტომი კითხვებს ტოვებს

access_time2021-06-24 10:00:55

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, წინასწარი ცნობით, ეკონომიკური ზრდის ტემპი მაისშიც ძალიან მაღალი იქნება. საქსტატი ოფიციალურ მონაცემებს 30 ივნისს დადებს, მანამდე კი აპრილის 44.8%-იანი ზრდა კვლავ განხილვის საგანად რჩება. იმის დაჯერება, რომ არათუ პანდემიურ პერიოდთან, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი კომენდანტის საათის რეჟიმში, ეკონომიკა 20%-ზე მეტად გაიზარდა, არც ისე მარტივია. ეჭვს სხვა სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს.


საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა, მკაცრ ლოკდაუნზე კი ქვეყანა 31 მარტიდან გადავიდა. მთელი აპრილის განმავლობაში 21:00-დან 06:00-მდე კომენდატის საათი მოქმედებდა, არ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 17-დან 27 აპრილამდე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანითაც კი აიკრძალა, დანარჩენ პერიოდშიც მძღოლის ჩათვლით მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ჯდომა 3000 ლარიან ჯარიმას იწვევდა. სასუსრსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბანკების გარდა ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის სავალუტო ჯიხურებიც დაიხურა, მცირე ხნით აიკრძალა ონლაინვაჭრობა და სამ ადამიანზე მეტის შეკრებაც.


უმკაცრესმა შეზღუდვებმა, ვირუსის გავრცელება დროებით შეაჩერა, მაგრამ პარალელურად ეკონომიკაც 16.6%-ით შეამცირა. ასეთი დიდი ვარდნის ფონზე 2021 წლის აპრილში ორნიშნა ზრდა ლოგიკურიც იყო და მოსალოდნელიც, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ორნიშნა ზრდა 2019 წელთან შედარებითაც დაფიქსირდებოდა, მეტიც, გასული წლის აპრილში მშპ სტანდარტულად 5%-ით რომ გაზრდილიყო, წელს ზრდის ტემპი მაინც 10%-ს გადააჭარბებდა. რანაირად შეიძლება, რომ ჩვეულებრივ პირობებში ეკონომიკა 5%-ით იზრდებოდეს,  კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების პირობებში კი 10%-ით და მეტით? ამ კითხვაზე საქსტატს დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია.


იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის სტატისტიკა ზუსტია, მაშინ 2020 წლისაა მცდარი და გასული წლის აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით კი არა 26.6%-ით ან უფრო მეტით შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა აღნიშნულ პერიოდში თითქმის მთლიანად გაჩერდა, მსგავს მოსაზრებას არსებობის უფლება უნდა ჰქონდეს. 2020 წლის მეორე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 31.4%-ით შემცირდა, ბრიტანეთის - 19.5%-ით, საქართველოსი კი 12.6%-ით. თუ 2020 წლის აპრილის სტატისტიკა მცდარია, მაშინ გასულ წელს ქვეყანას 6.2%-ზე მეტი ვარდნა ჰქონია. მანიპულაციების გამორიცხვის შემთხვევაშიც გასული წელი ეკონომიკურად 1994-ის შემდეგ ყველაზე მძიმე იყო. 1994 წელს ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა, 2009 წელს – 3.7%-ით. დანარჩენ პერიოდში ყოველთვის პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდებოდა.


სწრაფ ეკონომიკურ ზრდას დროის მოკლევადიან პერიოდში ყველა ვერ გრძნობს, პირიქით, სწრაფ ზრდას ხშირად თან მაღალი ინფლაციაც ახლავს, რაც იმ ადამიანებს, რომლებაც უმუშევრობას თავი ვერ დააღწიეს, ან ხელფასები არ მოემატათ, კიდევ უფრო აღარიბებს. 2007 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეკონომიკა ყველაზე მაღალი ნიშნულით - 12.6%-ით გაიზარდა, მაგრამ იმავე წლის ნოემბერში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რასაც მიტინგის ძალადობრივად დაშლა და რიგგარეშე არჩევნები მოჰყვა.


2007 წლისგან განსხვავებით დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, 2007 წლის პირველ კვარტალში საქართველოში $331 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2021 ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ $125 მლნ. მშპ-სთან მიმართებაში ინვესტიციები 2007 წელს 19%-ს აღწევდა, 2020 წელს 4%-ს ჩამოსცდა. დაცემულია პრივატიზაციის ტემპი, არ ტარდება ძირეული ეკონომიკური რეფორმები. ანაკლიის პორტისა და დიდი ჰესების მშენებლობა გაჩერებულია, ავტობანის მშენებლობაში ჩამორჩენაა... ანუ არამხოლოდ მოსახლეობა ვერ გრძნობს, რეალური ეკონომიკური პარამეტრებიც არ უმჯობესდება.



აპრილში კომენდანტის საათი ჯერ კიდევ 21:00 სთ-დან იწყებოდა, რაც მოლების სამუშაო დროის ხანგრძლივობას 19:00 სთ-მდე, მაქსიმუმ 19:30 სთ-მდე ამცირებდა, რესტორნებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, ტურიზმი კი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 22%-ით იყო აღდგენილი. დღესაც კი, ივნისში, როდესაც შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, ბიზნესსუბიექტთა ნაწილი ვერ გაიხსნა. ეს ყველაფერი კი მტკიცებას, რომ 2019 წლის აპრილთან შედარებით 2021 წლის აპრილში ზრდა 20%-ზე მეტი იყო, კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.


მოქალაქის მიერ იმის გადამოწმება, თუ რამდენია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ძნელია და ფაქტობრივად შეუძლებელიც. ასევე რთულია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა რეალობას საგარეო ვაჭრობის, მთავრობის ხარჯისა თუ იმავე ინვესტიციების სტატისტიკა, მაგრამ ინფლაციის გაზომვა ასეთ სირთულეს არ წარმოადგენს.


საქსტატის თანახმად, მარტსა და აპრილში ინფლაციის განაკვეთი 7.2%-ს, მაისში კი 7.7%-ს შეადგენდა, ადამიანები კი ხედავენ, რომ საკვები პროდუქტები, არამხოლოდ ზეთი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15; 20; 30 და ზოგ შემთხვევაში 40%-ითაა გაძვირებული. გაძვირდა თითქმის ყველაფერი: თონის პური და სხვა პურ-პროდუქტები, ხილი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები...


ბოლო პერიოდში საქსტატის მუშაობის მიმართ სულ უფრო ბევრი კითხვა ჩნდება. უწყების მიერ იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სუბსიდირებული კომუნალური გადასახადების ინფლაციაში მინუს ნიშნით დათვლას ითვალისწინებდა, ეკონომისტთა აბსოლუტური უმრავლესობის გაკვირვება გამოიწვია.


საქსტატის განმარტებით, რადგან გადახდა პირდაპირ მოქალაქეების ჯიბიდან აღარ ხდებოდა, ის სამომხმარებლო ფასებში აღარ უნდა გასულიყო. გარდა იმისა, რომ კომუნალურ გადასახადებს ბიუჯეტი ფარავდა, რომელიც ისევ და ისევ მოქალაქეების ჯიბიდან ივსება, კითხვებს ბადებდა არათანმიმდევრულობაც. მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური გადასახადების სუბსიდირება (თვეში 200 კვტ/სთ-მდე ელელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზის, პლუს წყლისა და დასუფთავების გადასახადის) სახელმწიფომ 2020 წლის მარტ-მაისშიც მოახდინა, სუბსიდირების მეორე ტალღა კი 2020 წლის ნოემბრიდან დაიწყო, საქსტატმა კი მეთოდოლოგია მხოლოდ 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის გაანგარიშებისას შეცვალა. მაშინ Commersant-ს საქსტატიდან განუმარტეს, რომ გაზაფხულზე სუბსიდირება მოკლევადიანი იყო, ნოემბრის ინფლაციის დაანგარიშებისას კი მონაცემები თუ რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა პროგრამით არ გააჩნდათ.


კომუნალურების სუბსიდირების მორიგი პროგრამა თებერვალში ამოიწურა, მაგრამ იანვრიდან ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა. სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, წლის ბოლომდე იმ აბონენტებისთვის რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარდნენ, ნაზარდი სხვაობა დაეფარა, ასეთი კი მოსახლეობის 95%-ა. საქსტატმა ამჯერადაც ჩათვალა, რომ ელექტროენერგია არ გაძვირებულა, ფქვილის ტომრის 15 ლარიანი სუბსიდირების გამო მას არც ფქვილის გაძვირება აუსახავს ინფლაციაში.


ინფლაცია, გარდა იმისა რომ ფასების ზრდას ასახავს, რეალური მშპ-ის დასადგენადაც აუცილებელია. თუ ნომინალურ მშპ-ს ხელოვნურად შემცირებულ ინფლაციას გამოვაკლებთ, ხოლოვნურად გაზრდილ არარეალურ ეკონომიკას მივიღებთ.


თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკან ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს 2020-თან შედარებით ზრდა არ უკვირს, თუმცა 2019 წელთან შედარებით ზრდა აეჭვებს. როგორც მან Commersant-თან საუბრისას აღნიშნა, საბაზისო ეფექტი დასაშვებია, მაგრამ არც მანიპულაციებია გამორიცხული და იმ ფონზე როცა ტურიზმი მხოლოდ მეხუთედით აღდგა საქსტატის მონაცემები გარკვეულ ეჭვებს იწვევს. გიგა ბედინეიშვილის შეფასებით 2021-ში ზრდა ნამდვილად იქნება, მაგრამ ეს ბაქი-ბუქის საფუძველი არ უნდა გახდეს და ამ ზრდაში მთავრობის დამსახურება ნულია. არსებული ზრდა კი გვაქვს არა მთავრობის გამო, არამედ მთავრობის მიუხედავად, რადგან არც სასამართლო სისტემა გაუმჯობესებულა, არც გადასახადები შემცირებულა, ლარი დასუსტებულია, დეფიციტი და ვალი იზრდება. ზრდა კი იმან გამოიწვია, რომ უბრალოდ დაგროვილი მოთხოვნა ახლა გამოვლინდა, მთავრობამ კი ხალხს შედარებით მეტი თავისუფლება მისცა და თუ ადრე მეტად ახრჩობდა, ახლა ნაკლებად ახრჩობს.


2021 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი 5%-იან ეკონომიკური ზრდაზე იყო გათვლილი, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით საბოლოო ვარიანტი 4.3%-იან ზრდაზე აიგო, ეროვნული ბანკი 4%-იან მატებას პროგნოზირებდა, თუმცა უშვებდა პესიპისტურ 1%-იან ზრიდს შესაძლებლობასაც. იანვარ-თებერვლის ვარდნის შემდეგ სავალუტო ფონდმა პროგნოზი 3.5%-მდე შემაცირა, მარტისა და აპრილის ზრდის შემდეგ კი მსოფლიო ბანკმა, პირიქით 6%-მდე გაზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2021 წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკა 8.1%-ითაა გაზრდილი.


გიორგი ელიზბარაშვილი




სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up