ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უნდა გაძლიერდეს სავაჭრო ურთიერთობები და ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაა.
„ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე ეკონომიკური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავ ზღვაზე ურთიერთობების თემას. პირველ რიგში, ეს არის საბორნე მიმოსვლა საქართველოსა და ევროპულ პორტებს შორის, კერძოდ, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის შორის. აღინიშნა, რომ ვინაიდან, ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ეს საჭიროებს უფრო აქტიურ და რეგულარულ საბორნე მიმოსვლას. სხვაგვარად ეს იქნება პრობლემა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. აღგვითქვეს დახმარება იმაში, რომ უფრო რეგულარული რეისები ხორციელდებოდეს და უფრო მეტი მიმოსვლა იყოს პორტებს შორის, რაც გააძლიერებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს,- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ „კომერსანტი“ ფოთის პორტიდან ევროკავშირის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობაზე რამდენიმე დღის წინ წერდა. ფოთის პორტი, რომელსაც წლებია ფუნქცია დაკარგული აქვს, შესაძლებელია გახდეს მთავარი დამაკავშირებელი ხიდი ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის და ამისთვის სწორი ლოგისტიკური კურსის აღება დღეს ისეთი სასიცოცხლოა, როგორც არასდროს.