საქართველოს ენერგოდეფიციტმა 2001-2021 წლებში $17 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველოს ენერგოდეფიციტმა 2001-2021 წლებში $17 მლრდ-ს გადააჭარბა

access_time2022-01-25 12:00:11

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი ყოველთვის უარყოფითი იყო. განსაკუთრებით მაღალი დეფიციტი ენერგოპროდუქციას ახასიათებდა. 2001-2021 წლებში საქართველომ ექსპორტზე სულ $1.066 მლრდ-ის ელექტროენერგია, ნავთობი, ნავთობპროდუქტი, ბუნებრივი გაზი და ქვანახშირი გაიტანა, იმპორტში კი 1635%-ით მეტი - $18.501 მლრდ გადაიხადა. დოლარებში დათვლილმა ენერგოდეფიციტმა XXI საუკუნეში $17.435 მლრდ-ს გადააჭარბა.

 

საქართველო შიდა მოთხოვნას მეტ-ნაკლებად მხოლოდ ელექტროენერგიით იკმაყოფილებს, თუმცა ბოლო პერიოდში მოხმარება გენერაციაზე უფრო სწრაფად იზრდება, რაც იმპორტის საჭიროებას ზრდის. 2001-2021 წლებში საქართველომ $333 მლნ-ის ელექტროენერგია გაყიდა და $736 მლნ-ის შეიძინა. დეფიციტმა კი $403 მლნ შეადგინა. თანხობრივად ყველაზე მეტი - $78 მლნ საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში 2019 წელს გადაიხადა. იმავე წელს სარეკორდო იყო დეფიციტიც - $70 მლნ, მომდევნო წლებში რეალურად მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, შემცირებული მოთხოვნის შედეგად ფასების ვარდნის გამო, დოლარების გადინება შემცირდა, მაგრამ კვტ/სთ-ებში დათვლით დეფიციტი პირიქით გაიზარდა. თუ 2019 წელს ექსპორტმა 243 მლნ კვტ/სთ შეადგინა და იმპორტმა 1.627 მლრდ კვტ/სთ, რამაც 1.384 მლრდ კვტ/სთ-იანი დეფიციტი გამოიწვია, 2021 წელს ექსპორტი 391 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, იმპორტი 2.006 მლრდ კვტ/სთ-მდე, დეფიციტი შესაბამისად 1.615 მლრდ კვტ/სთ-მდე. ძველი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში იმპორტში $48 მლნ-ის ნაცვლად  $96 მლნ-ის გადახდა მოგვიწევდა. ფასები ვარდნა დროებითი   მოვლენაა, მან უკვე დაიწყო ზრდა და ტენდენცია უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.



 



გენერაციის ახალი ობიექტების გარეშე საქართველო მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებული ხდება. უკვე 2021 წელს იმპორტის 62% რუსეთიდან განხორციელდა. 2006 წელს რუსეთიდან შემომავალ გაზსადენზე მომხდარი დივერსიის გამო საქართველო შუა ზამთარში 1 კვირით უგაზოდ დარჩა და რომ არა ირანიდან სახელდახელოდ შემოტანილი გაზი, ეს პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდბოდა, მსგავსი დივერსია სამომავლოდ არც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზეა გამორიცხული.

 


სხვა წიაღისეული რესურსებისგან განსხვავებით საქართველო ჰიდრორესურსებით უდავოდ მდიდარია და 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. დღეის მდგომარეობით ყველა დიდი ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჰესებს არ აშენებენ, სტატისტიკა სხვა სურათს აჩვენებს, სინამდვილეში ნორვეგია ჰესებისგან საქართველოსთან შედარებით 12-ჯერ, ისლანდია კი 18-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს. ჰესი, გარდა იმისა რომ თბოსადგურებთან შედარებით ბევრად უფრო ეკოლოგიურია, ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რადგან მზე ღამით არ ანათებს და ქარიც გამუდმებით არ ქრის, მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას დამაბალანსებელი სიმძლავრეები სჭირდება.

 


ტრანსპორტირების თვალსაზრისით ელექტროენერგიასთან შედარებით, კიდევ უფრო მეტ სირთულეს ბუნებრივ გაზთან ვაწყდებით. მილსადენის მშენებლობა, ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანილობაზე უფრო ძვირი ჯდება და მეტ დროს მოითხოვს. კიდევ უფრო ძვირია გათხევადებული გაზის ტანკერებით ტრანსპორტირება.

 


2007 წლამდე საქართველო გაზის იმპორტში 100%-ით რუსეთზე იყო დამოკიდებული. 2006 წლის დივერსიის შემდეგ, 2007 წლიდან საქმეში აზერბაიჯანი ჩაერთო. თავიდან მისი წილი 33%-ს შეადგენდა, შემდეგ კი 90%-ს გადააჭარბა. 2005 წელს რუსეთი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზში $60-ს ითხოვდა, 2006 წელს ფასი $110-მდე გაზარდა, 2007 წელს კი $235-მდე.

 

აზერბაიჯანულ გაზზე გადასვლის მიუხედავად, საქართველო რუსული გაზის შესყიდვას განაგრძობდა და დღესაც ყიდულობს. 2017 წლამდე ქვეყანას სომხეთზე გამავალი გაზის 10% ნატურით რჩებოდა, რაც დაახლოებით 200 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2017 წლიდან რუსეთის მოთხოვნით ხელშეკრულება შეიცვალა და ტრანზიტი მონეტიზირებული გახდა.

 



რა თანხად ყიდულობს საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან ან რუსეთიდან უცნობია და კომერციულ საიდუმლოებად ცხადდება. თუმცა მიახლოებითი რიცხვების დადგენა მაინც შეიძლება. 2021 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის თანახმად საქართველომ რუსეთისგან 200 მლნ კუბური მეტრი, აზერბაიჯანისგან კი 2.519 მლრდ კუბური მეტრი გაზი შეისყიდა, რაშიც ჯამში $355 მლნ გადაიხადა. გასაშუალებული ფასი 1000 კუბურ მეტრზე $131 გამოდის. რეალურად გაზის ფასი მოწოდების წყაროსა და დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე იაფი შაჰ-დენიზის გაზსადენიდან მიღებული გაზია რომელიც თავის მხრივ ორ ნაწილად დამატებითად და ოფციურად თითქმის თანაბრად იყოფა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მისი ფასი 1000 კუბურ მეტრზე შესაბამისად $55 და $64-ს შეადგენს. 2021 წელს შაჰდენიზით საქართველომ ჯამში 1.015 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო. ტარიფი უფრო ძვირია ე.წ. სოციალური გაზისთვის, რომელიც თავის მხრივ ასევე ორ ნაწილად იყოფა: მოსახლეობა - 1.130 მლრდ კუბური მეტრი და თბოსადგურები 665 მლნ კუბური მეტრი. ყველაზე ძვირი კი კომერციული გაზია, ამ შემთხვევაში კომპანიებს უფლება აქვთ მომწოდებლები თავად აირჩიონ.



 


რაც შეეხება ადგილობრივ მოპოვებას, მისი წილი უმნიშვნელოა და მოთხოვნის 1%-საც ვერ აკმაყოფილებს. 2001-2021 წლებში საქართველომ სულ $31 მლნ-ის გაზი გაყიდა და $4.968 მლრდ-ის შეიძინა. დეფიციტმა $4.937 მლრდ შეადგინა.

 


ნედლი ნავთობის ბაზარზე საქართველო პროფიციტშია. 2001-2021 წლებში ქვეყანამ $121 მლნ-ის იმპორტი და $484 მლნ-ის ექსპორტი განახორციელა. პროფიციტმა კი $363 მლნ შეადგინა. ასეთი უჩვეულო სურათი იმით აიხსნება, რომ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს და რაც კი მოიპოვება, მთლიანად ექსპორტზე გადის. იმპორტირებული ნედლი ნავთობიც რეექსპორტისთვის იყო გამიზნული.

 


ყველაზე დიდი დეფიციტი საქართველოს უკვე გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებში აქვს. 2001-2021 წლებში საქართველომ ექსპორტზე $212 მლნ-ის ნავთობპროდუქტი გაიტანა და იმპორტში კი $12.472 მლრდ გადაიხადა. დეფიციტმა $12.260 მლრდ შეადგინა.

 


ავტოპარკისა და ფრენების რაოდენობის, ასევე დაგებული ასფალტის ფართობის ზრდასთან ერთად ნავთობპროდუქტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, გამონაკლისი 2020 იყო, თუმცა რადგან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ცვალებადია, იმპორტის ღირებულების გრაფიკი ტეხილია და არა პრონგოზირებადი აღმავალი მრუდი. 2013 წელს საქართველომ ყველა სახის ნავთობპროდუქტის: ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი, მაზუთი, ნავთობის ბიტუმი და პარაფინი ჯამში 1.065 მლნ ტონა შეიძინა და მასში $954 მლნ გადაიხადა, 2020 წელს იმპორტის მოცულობა 1.355 მლნ ტონამდე გაიზარდა, თუმცა თანხობრივად ნახევარზე ოდნავ მეტი - $498 მლნ შეადგინა. 2013 წელს ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ $106-ს შეადგენდა, 2020 წელს $42-ს. 2021 წელს ფასი $70-მდე გაიზარდა, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით $85-ს აჭარბებს და თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ წელს პირველად ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოს $1 მლრდ-ზე მეტი დაუჯდება.



 


2021 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა ჯამში 1.149 მლნ ტონა შეადგინა, ყველაზე მეტი 245 ათასი ტონა საწვავი თურქმენეთიდან შემოვიდა, 221 ათასი ტონით მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა, 216 ათასი ტონით აზერბაიჯანი მესამე ადგილს იკავებს, 205 ათასი ტონით რუმინეთი მეოთხე ადგილზეა, ხუთეულს 168 ათასი ტონით ბულგარეთი ასრულებს. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ჯამში 100-ტონამდე საწვავი შემოვიდა.

 


სხვა ენერგოპროდუქტების მსგავსად, დეფიციტურია კიდევ ერთი ენერგორსურსი - ქვანახშირი. 2001-2021 წლებში ქვანახშირის ექსპორტმა $5 მლნ, იმპორტმა კი $204 მლნ შეადგინა.

 


საქართველოს ნავთობი და გაზი არ გააჩნია და რაიმე ახალი მდიდარი საბადოს გარეშე მუდმივად მათი იმპორტი მოუწევს, ამის მიუხედავად ენერგოდეფიციტის შემცირება, მაინც რეალურია. ჰესების, მზისა და ქარის ელექტროსადგურების აშენების შემთხვევაში თბოსადგურების საჭიროება მოიხსნებოდა, რაც ქვეყანას წლიურად 660 მლნ კუბური მეტრი გაზის დაზოგვის საშუალებას მისცემდა. მასობრივად ელექტრომობილებზე გადასვლის შემთხვევაში კი ნავთობპროდუქტების იმპორტის საჭიროება შემცირდებოდა. პარალელურად ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვით ექსპორტი გაიზრდებოდა.



 



ენერგოდეფიციტს თავის მხრივ ინდივიდუალური პანელები, წყლის გამაცხელებლები, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ენერგოეფექტური ელექტროტექნიკა და გაზზე მომუშავე მოწყობილობებიც შეამცირებდა.

 


2021 წელს გაზზე, ელექტროენერგიაზე და საწვავზე ფასების მკვეთრი მატება ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რამაც თავის მხრივ მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბება გამოიწვია და სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 100 ათასზე მეტით გაზარდა.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up