მცირე შეჭრა თუ სრულმასშტაბიანი ომი? – რა ელის საქართველოს უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ

მცირე შეჭრა თუ სრულმასშტაბიანი ომი? – რა ელის საქართველოს უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ

access_time2022-02-17 11:00:11

სიტუაციის ოდნავი დასტაბილურების მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაღალი ალბათობა კვლავ ნარჩუნდება. ჯარის მცირე ნაწილის გაყვანის მიუხედავად, 140 000-იანი არმია თავისი ჯავშანტექნიკით, ფლოტითა და ავიაციით უკრაინა თავად რუსეთიდან, ანექსირებული ყირიმიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, შავი და აზოვის ზღვებიდან ახლაც ალყაში ჰყავს მოქცეული. დიდი ომის გარეშეც უკრაინამ უკვე ეკონომიკური ზარალი მიიღო, მის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ, მუდმივი ჰაკერული თავდასხმისა და კიევზე შესაძლო შეტევის მოლოდინში ინვესტიციებიც შემცირდება. 2014 წლამდე 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით უკრაინა საქართველოს უსწრებდა, დღეს პირიქითაა და სტატისტიკის ასეთ ცვლილებაში საქართველოს წარმატების როლი ნულია. უკრაინასთან „მოგვარების“ შემდეგ ჯერ შეიძლება ისევ საქართველოზე დადგეს. რა იქნება უკრაინასთან მოგვარება – ეკონომიკური მოხრჩობა, მცირე შეჭრა თუ სრულმასშტაბიანი ომი – ჯერ კიდევ ამოუცნობია.

 

უკრაინა ფართობით ევროპის უდიდესი, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, რომელიც მხოლოდ მეზობელ მოლდოვას თუ უსწრებს. ოკუპაცია და კორუფცია ქვეყნის განვითარების შანსებს ზღუდავს. ალტერნატიულ ისტორიაში ცხოვრების დონითა თუ სამხედრო სიძლიერით უკრაინა საფრანგეთის ან მინიმუმ პოლონეთის დონეზე შეიძლება ყოფილიყო, რეალურ ისტორიაში კი მას ისრაელზე ორჯერ დიდი ტერიტორია აქვს ჩამორთმეული და ოკუპაციის არეალი ნებისმიერ დღეს შეიძლება გაიზარდოს.

 

პანდემიურ 2020 წელს უკრაინის მშპ 4%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოში არსებული საერთო ფონის გათვალისწინებით არც ისე დიდი დანაკლისია. ბევრად უფრო დიდი დარტყმა ქვეყანამ 2014-2015 წლებში მიიღო, როდესაც ეკონომიკა ზედიზედ ჯერ 10.1 და შემდეგ 9.8 პროცენტით შემცირდა, რაც ორი წლის ჯამში 19%-იან ვარდნას ნიშნავს. 2015-ის შემდეგაც ყველაზე მაღალი 3.5%-იანი ზრდა 2018 წელს დაფიქსირდა, ეს კი ღარიბი ქვეყნისთვის კატასტროფულად მცირეა. 2001-2013 წლებში უკრაინაში ეკონომიკური ზრდის ტემპი 7%-ს 5-ჯერ გადასცა, 2013 წლის შემდეგ 0-ჯერ. 2021-ში ვარდნის ფონზე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა მდიდარმა ქვეყნებმაც მოახერხეს, წინასწარი მონაცემებით უკრაინა მხოლოდ 5.9%-იან ზრდას დასჯერდა. მუდმივ ფასებში დათვლით თუ უკრაინაში 2013 წელს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $3160-ს შეადგენდა, 2015 წელს $2830-მდე შემცირდა, 2020 წელსაც $3115 შეადგინა, უფრო ნაკლები ვიდრე 2008 წელს.

 

2012 წლის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში 80%-ით გაუფასურდა, ცალკეულ მომენტებში 2020 წლის მარტსა და 2021 წლის აპრილში გაუფასურების ტემპმა 108%-საც მიაღწია. უკრაინული გრივნა უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, თუ 2013 წელს 1 აშშ დოლარის შესაძენად 8.2 გრივნა იყო საკმარისი, დღეს 28 გრივნაა საჭირო ანუ 240%-ით მეტი, 2015 წლის თებერვალში კურსმა 33.7-ს მიაღწია რაც 310%-იან გაუფასურებას ნიშნავდა.

 

უკრაინაში მსოფლიოში ცნობილი 120 მინერალიდან 117 მოიპოვება. წიაღისეული მოპოვების ნაწილში ის მსოფლიო ათეულში და ზოგ შემთხვევაში ხუთეულშიცაა, უფრო კონკრეტულად:

 

1)         მე-10 ადგილი ურანის მოპოვებაში, წლიურად 1 ტონა, გლობალური წარმოების 1.4%;

2)         მე-10 ადგილი ცირკონიუმის სილიკატის წარმოებაში, წლიურად 26 ათასი ტონა - გლობალური წარმოების 1.9%;

3)         მე-8 ადგილი მანგანუმის მოპოვებაში, წლიურად 651 ათასი ტონა - გლობალური წარმოების 3.6%;

4)         მე-8 ადგილი გრაფიტის მოპოვებაში, წლიურად 13 ათასი ტონა - გლობალური წარმოების 1.3%;

5)         მე-7 ადგილი რკინის მოპოვებაში, წლიურად 39 მლნ ტონა - გლობალური წარმოების - 2.4%;

6)         მე-6 ადგილი ტიტანის მოპოვებაში, წლიურად 431 ათასი ტონა - გლობალური წარმოების 6.3%;

7)         მე-6 ადგილი კაოლინის მოპოვებაში, წლიურად 2.4 მლნ ტონა - გლობალური წარმოების 5.9%;

8)         მე-5 ადგილი გერმანიუმის მოპოვებაში, წლიურად 1 ტონა - გლობალური წარმოების 1%;

9)         მე-2 ადგილი გალიუმის მოპოვებაში წლიურად 9 ტონა - გლობალური წარმოების 2.9%;

 


85 მლნ ტონით უკრაინა ქვა-ნახშირის მოპოვებაში 2014 წლამდე მე-12 ადგილს იკავებდა, თუმცა აღმოსავლეთ რაიონების ოკუპაციის შემდეგ, მოპოვება 3.5-ჯერ შემცირდა და უკრაინამაც მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.

 

რუსეთმა უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებსა და მსხვილ ბანკებზე მასშტაბური ჰაკერული შეტევა ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ განახორციელა. საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ მითვისებასთან ერთად კრემლმა უკრაინის იმიჯსაც დაარტყა. საქართველოში ეს ფაქტები ნაცნობია, 2008 წლის ომის დროს ექსპრეზიდენტის ვებგვერდი გატეხეს და ჰიტლერის ფოტოებით გაავსეს. შემდეგი თავდასხმის თარიღი 2019 წლის ოქტომბერი იყო, 2000-მდე საიტზე მათ შორის სამთავრობო უწყებების, სასამართლოსა და მედიასაშუალებების საიტებზე მესამე პრეზიდენტის ფოტო გამოჩნდა წარწერით I’ll be back (მე დავბრუნდები).


 


ორ თვეზე მეტია უკრაინაში თავდასხმას ყოველ წუთს მოელიან, რასაც მძიმე ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს განსაკუთრებით საოკუპაციო ზონის პირას და დიდ ქალაქში მცხოვრებთათვის. ისინი ყოველღამე იმის მოლოდინში იძინებენ, რომ შეიძლება საჰაერო დაბომბვამ ან სარაკეტო იერიშმა მათი სხეულები ნაფლეთებად აქციოს.

 

ფსიქოლოგიურ ტერორს ეკონომიკური ზარალიც ემატება. ბოლო კვირებში უსაფრთხოების მიზნით უკრაინის ცაზე თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ. ავიაკომპანიები საწვავის ხარჯის ზრდის მიუხედავად შემოვლით გზას ამჯობინებენ. ამ ყველაფერს ინვესტორთა ნაკლებობაც ემატება, ცოტა თუ გარისკავს 10, 50, 300 ან 900 მლნ დოლარის ჩადებას იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ყველაფერი დაკარგოს. ანალოგის მოძებნა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდის ტემპი, წინა ხელისუფლების მმართველობის პირველ პერიოდში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მეორეში ანუ ომის შემდეგ.

 

ფსიქოლოგიურ ტერორს და ეკონომიკურად დასუსტებას რუსეთმა უკვე მიაღწია, მაგრამ დაკმაყოფილდება თუ არა ამით – ძნელი სათქმელია. კიევზე მასირებული შეტევა ნაკლებად მოსალოდნელია და ეს რუსეთისთვისაც მაღალხარჯიანი იქნება, ოკუპირებული რეგიონების აღიარების ალბათობა კი ბევრად უფრო მაღალია. ამ სცენარით ოკუპირებული ტერიტორიების არეალი მაინც საგრძნობლად ფართოვდება.

 

რუსეთის მიერ შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით მხარდაჭერილი სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ. აქაც კიდევ ერთ ანალოგამდე მივდივართ, 2008 წლის აგვისტომდე ზემო აფხაზეთში, ახალგორში და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლების ნაწილში თბილისის იურისდიქცია ვრცელდებოდა, ომის შემდეგ კი 125 სოფელზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დაიკარგა.

 

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა, ბოლო პერიოდში საუბრები ხარკოვის ოლქის მიმართულებითაც გააქტიურდა. ხარკოვი პირველი უკრაინული ქალაქი იყო, რომელმაც 1917 წელს საბჭოთა ხელისუფლება ცნო. განმეორებითი ოკუპაციის შემდეგ, 1934 წლამდე, ხარკოვი საბჭოთა უკრაინის დედაქალაქი იყო. ხარკოვზე შესაძლო შტურმის საბაბიც ისევ და ისევ „ჩაგრული რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა“ იქნება. ოლქში ეთნიკურად რუსად თავს 25% მიიჩნევს, თუმცა რუსული როგორც პირველადი ენა 44%-ისთვისაა.

 

რუკაზე წითელი ფერით ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიებია მონიშნული, ყვითლით შესაძლო ოკუპაციის არეალი.


 


რა წაართვა და რის წართმევას უპირებს რუსეთი უკრაინას


ყირიმის ფართობი 27 ათასი კვადრატული კილომეტრია, დონბასის ოლქის - 26.5 ათასი კვადრატული კილომეტრი, საიდანაც რუსეთი 8.9 ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ფართობით 26.7 ათას კვადრატულ კილომეტრიანი ლუგანსკის ოლქიდან კი რუსეთს 8.4 ათასი კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჯამში 44.3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია აქვს მიტაცებული, რაც ცალკე აღებული დანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბელგიის ფართობებზე მეტია. გაწითლებული ტერიტორია ფართობით 2-ჯერ აღემატება ისრაელის და 4-ჯერ ყატარის ფართობს.

 

რუსეთის მიერ უკრაინისთვის წართმეულ ტერიტორიებზე ჯამში 6.2 მლნ ადამიანი ცხოვრობს - უფრო მეტი, ვიდრე ბალტიის სამივე რესპუბლიკაში ერთად. თუ კრემლმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ბოლომდე დაიპყრო, მაშინ ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის სიდიდე 80 ათას კვადრატულ კილომეტრამდე იზრდება, რაც აღემატება როგორც ცალკე აღებული საქართველოს, ასევე ჩეხეთისა და ირლანდიის ტერიტორიებს. დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი 8.6 მლნ-ს მიაღწევს, რაც, თავის მხრივ, ცალკე აღებულ ბულგარეთის, ფინეთისა და დანიის მოსახლეობას აღემატება. უფრო მძიმე სცენარის შემთხვევაში, თუ მოსკოვმა ხარკოვსაც დაარტყა, ოკუპირებული არეალის ფართობი 111 ათას კვადრატულ კილომეტრამდე ცალკე აღებულ პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ფართობებს აღემატება, 11 მლნ მოსახლით კი შვედეთსა და საბერძნეთს გაასწრებს.

 

თუ 2008 წელს რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების საქართველოში sms-ების გამოგზავნის ბრალდებით დააკავა, ჯავშანტექნიკის გადაადგილებაზე ინფორმაცია რატომ გაეციო, დღეს უამრავი ვიდეო მასალა დაუფარავად ვრცელდება. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს ტაქტიკის ნაწილი იყოს, რათა შემდგომ დიდ ომზე უარის თქმის სანაცვლოდ დასავლეთმა მცირე შეჭრა ადვილად გადაყლაპოს. პუტინმა მოახერხა და მოსკოვში ექვს მეტრიანი მაგიდის ბოლოში საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები დასხა. რაზე ისაუბრეს მათ სატელევიზიო განცხადებების გაკეთებამდე, ვინ რა და რის სანაცვლოდ დათმო, უცნობია.

 

რუსეთს ყელში მხოლოდ უკრაინა არ აქვს გაჩხირული, უკრაინამდე იყო საქართველო. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი ქაღალდზე ისევ არსებობდა 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში პუტჩი დაიწყო, რასაც ორ კვირაში პრეზიდენტ გამსახურდიას განდევნა მოჰყვა. 1992-1993 წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში 25 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 300 000 კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. 2008 წელს რუსეთმა კოდორის ხეობა, ახალგორი და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებიც მიიტაცა. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება და საფრთხე განეიტრალებული არ არის.

 

რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე შესაძლო სცენარი განიხილება. პირველი ეკონომიკური ბლოკადაა. როსპოტრებნადზორმა შეიძლება ერთ დღეს „აღმოაჩინოს“ რომ ქართული ღვინო რუსულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ან ყოველგვარი საბაბის გარეშე ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილება დუმამ მიიღოს. ქართული ღვინო შეერთებულ შტატებში რუსეთთან შედარებით 129%-ით ძვირად იყიდება, მაგრამ რუსეთზე კვლავ ექსპორტის 55% მოდის. საერთო ექსპორტში კი რუსეთს ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. იანვრის მდგომარეობით იტალიის შემდეგ მეორე ადგილზე გადმორიცხვებშიც, გასულ წელს და უფრო ადრეც პირველ ადგილს იკავებდა.

 

კიდევ უფრო მძიმე სცენარის შემთხვევაში საფრთხე ყაზბეგსა და გუდაურს ემუქრება, წლებია ცხინვალელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ „ყაზბეგი ისტორიული ოსური მიწაა“. მეორე მხარეს აფხაზეთია, სადაც ენგურჰესი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, მისი სრული წართმევით უკეთეს შემთხვევაში ელექტროენერგია მკვეთრად გაძვირდება, უარეს შემთხვევაში 20 წლის წინანდელი გრაფიკი აღდგება.

 

საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ევროპული ქვეყნების ნაწილი, გერმანიის მეთაურობით, ბლოკავს. არსებობს კიდევ ერთი გზა. კორეა, იაპონია, ისრაელი, ყატარი... ამ ქვეყნებიდან ალიანსში არც ერთია, მაგრამ მათ ყველას ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი გააჩნიათ. მსგავსი სტატუსი იდეალური გამოსავალი იქნებოდა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, თუმცა ამ ტიპის სტატუსის მისაღებად, რაც დეოკუპაციას არა, მაგრამ დამატებითი ოკუპაციისგან თავის არიდების გარანტიას ნიშნავს, ორმხრივი თანხმობაა საჭირო.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up