როგორ შეცვალეს უმდიდრესმა ადამიანებმა პლანეტა

როგორ შეცვალეს უმდიდრესმა ადამიანებმა პლანეტა

access_time2021-11-04 17:00:32

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის - ილონ მასკი ქონება ბოლო 3 კვირაში $100 მლრდ-ით გაიზარდა და $300 მლრდ-ს გადააჭარბა, რამაც Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი კაცობრიობის ისტორიაში, ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად აქცია. თითქმის მესამედი ტრილიონის ქონამ სამართლიანობის შესახებ კითხვა კიდევ ერთხელ გააჩინა. მასკის ქონების დასაგროვებლად 1 მილიონმა ქართველმა 77 წელი უნდა იმუშაოს. თუ დავუშვებთ, რომ დინოზავრების გადაშენების მომენტში, 65 მლნ წლის წინ, საქართველოს მოქალაქე იარსებებდა და ამჟამინდელი საშუალო ხელფასი ექნებოდა 1 თეთრიც რომ არ დაეხარჯა მასკის ქონებას დღემდე ვერ მოაგროვებდა. მაგრამ ნუთუ ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანის ხელფასი $500-ზე, ზოგის კი $200-ზე ნაკლებია, ან ის ფაქტი რომ აფრიკაში ბავშვები მასობრივად შიმშილობენ მეზობელი წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მეოცნებე სამხრეთ აფრიკელი მიგრანტის ბრალია?

 

XV საუკუნეში დაწყებულ რენესანსს, XVIII საუკუნეში განმანათლებლობა, XIX საუკუნეში კი უკვე ინდუსტრიული რევოლუცია მოჰყვა. მანუფაქტურების არსებობის ისტორია უკვე 200 წელზე მეტს ითვლიდა, მაგრამ კლასიკური გაგებით კაპიტალიზმის განვითარება სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. როგორც მორალურად, ასევე რაციონალურად უმნიშვნელოვანესი იყო ის ფაქტი, რომ ფეოდალიზმის დამხობის პროცესში, 10 და 15 საუკუნოვანი მებატონის უღლის გადაგდების შემდეგ, ადამიანმა პიროვნული თავისუფლება დაიბრუნა. ერთი ადამიანი უკვე აღარ იყო მეორის საკუთრება და თუ ადრე გლეხის ნაშრომის უდიდეს ნაწილს მემამულე ითვისებდა, ახლა მუშა მართალია მიზერულ ხელფასად, მაგრამ მაინც საკუთარი ოჯახისთვის შრომობდა.

 

ურბანიზაციასთან, მედიცინასთან და მეცნიერების განვითარებასთან ერთად ბოლო 2 საუკუნეში დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა 1 მლრდ-დან 7.9 მლრდ-მდე გაიზარდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაორმაგდა და 70 წელს გადააჭარბა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა წილი კი 95%-დან 9%-მდე შემცირდა. ამ ყველაფერში კაპიტალიზმსა და მსხვილ კაპიტალისტებს არც თუ ისე მცირე წვლილი მიუძღვით.

 

საფრენი აპარატის ესკიზებს ლეონარდო და ვინჩი XV საუკუნეში ხაზავდა. რეალურად საჰაერო ბურთი მხოლოდ XVIII საუკუნის მიწურულს, ორთქმავალი XIX საუკუნის დასაწყისში, ავტომობილი იმავე საუკუნის ბოლოს, თვითმფრინავი კი მხოლოდ 1903 წელს გამოიგონეს.  ფორდმა 1908 წელს Ford model T გამოუშვა და 1927 წლამდე 15 მლნ ერთეული გაყიდა, გაყიდვების რეკორდი მხოლოდ 45 წლის შემდეგ 1972 წელს Volkswagen Beetle-მა მოხსნა. 100 წლის წინ პლანეტაზე სულ 2 მლრდ ადამიანი ცხოვრობდა. ფორდმა კოლოსალურ გაყიდვებს 2 მიზეზით მიაღწია, პირველი იმიტომ, რომ იმ დროინდელ მსოფლიოში ავტომობილს სულ რამდენიმე კომპანია აწარმოებდა, ხოლო მეორე იმიტომ რომ 1913 წლიდან კონვეიერული წარმოება დაიწყო, რამაც ავტომობილის გასაყიდი ფასი $260-მდე შეამცირა, რაც დღევანდელ $6000-ს უდრის. ჰენრი ფორდს დღეს რომ ეცხოვრა მილიარდერი იქნებოდა, საერთოდ რომ არ ეცხოვრა ავტომობილი შეიძლება კიდევ ათწლეულები ფუფუნების საგნად დარჩენილიყო და დღეს მგზავრობა და გადაზიდვები უფრო ძვირი ყოფილიყო. მის გარეშე თანამედროვე სამყარო უკეთესი ნამდვილად არ იქნებოდა.

 

ფორდის ტოლი ქონება არ ჰქონია, მაგრამ საკმაოდ მდიდარი იყო თომას ალვა ედისონიც. ვარვარების ნათურის გარდა მის სახელს კიდევ 1092 პატენტი უკავშირდება, მათ შორის ფონოგრაფი და კინეტოსკოპი. დენების ომში ედისონი ნიკოლა ტესლასთან ტყუოდა, დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცვლადი დენი მუდმივზე რენტაბელურია, მაგრამ ეს ფაქტი მის მის როლს ხაზს ვერ გადაუსვამს.

 

Windows-ის წილი ოპერაციულ სისტემებში გლობალური მასშტაბით 77%-ს შეადგენს, საქართველოში უფრო მეტს სადაც კომპანიების უმრავლესობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პირატული ვერსიით სარგებლობს. კომპიუტერი, მათ შორის პერსონალური კომპიუტერი Windows-მდეც არსებობდა, მაგრამ Windows-მა მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 70-იან და 80-იან წლებში მაღალ ფასთან და წარმადობის სიმცირესთან ერთად პრობლემას გამოყენების სირთულეც წარმოადგენდა. ბილ გეითსმა და პოლ ალენმა Microsoft 1975 წელს დააარსეს, ფართო საზოგადოესბისთვის პირველი ოპერაციული სისტემა Windows 1.01 დაარსებიდან 11 წლის შემდეგ 1986 წელს გახდა ხელმისაწვდომი, კომერციულად მომგებიანი ვერსია - Windows 3.0 კი მხოლოდ 1990 წელს გახდა ხელმისაწვდომი. ბელ გეითსი თითქმის მეოთხედი საუკუნე პლანეტის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, დღეს კი $138 მლრდ-ით მეოთხე ადგილზეა. ბოლო 2 წელია საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში ბილ გეითსი შეთქმულების თეორიის მომხრეთა თავდასხმის ობიექტი გახდა. ადამიანთა ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსი მან გამოიგონა, რათა შემდეგ მასობრივი ვაქცინაციით მილიარდობით ადამიანი მათივე სამართავად დაეჩიპა. დიდი ალბათობით აღნიშნული გეითსის უახლოესი წარსულის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება, მალარიისა და სხვა ვირუსული თუ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ აფრიკაში ჩატარებული აცრებით, რაც Microsoft-ის დამფუძნებელს $30 მლრდ-ზე მეტი დაუჯდა, რამდენიმე მლნ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. თუ Microsoft-ის აქციების ფასის ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ რომ არა ქველმოქმედება, ბილ-გეთსი ახლა დედამიწაზე სიმდიდრით მეორე ადამიანი იქნებოდა.

 

4 წლის წინ ბილ გეითსს პირველობა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ჩამოართვა. მან სტატუსი 2019 წელს $35 მლრდ-იანი განქორწინების შემდეგაც კი შეინარჩუნა. 2005 წელს Amazon-ის გაყიდვები $8.5 მლრდ-ს შეადგენდა, 2010 წელს $34 მლრდ-ს, 2015 წელს $107 მლრდ-ს და 2020 წელს $386 მლრდ-ს. ის ნელ-ნელა Walmart-ს ეწევა. თუ 2006 წელს Amazon-ის გაყიდვები Walmart-ის გაყიდვების 3.5%-ს შეადგენდა, 2012 წელს 13.8%-მდე გაიზარდა, 2020 წელს კი 74%-ს მიაღწია. ეროვნულ ბანკს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოცულობის შესყიდვები ხორციელდება Amazon-იდან საქართველოში, თუმცა იმის თქმა, რომ ქვეყანაში საიტი პოპულარულია თამამად შეიძლება. ბეზოსი Amazon-ის წილის გარდა Blue Origin-საც ფლობს, რომლითაც 2021 წელს პირობითი კოსმოსური ზარი თავადაც გადალახა. მართალია ფრენამ სულ რამდენიმე წუთს გასტანა და მასკის რაკეტებისგან განსხვავებით ის ორბიტაზე არ გასულა, (ფრენა სუბორბიტალური იყო) არც დედამიწისთვის შემოუვლია, რის გამოც მასკის დაცინვა დაიმსახურა, მაგრამ კოსმოსური ტურიზმის დასაწყებად პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

 

უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-6 და მე-7 ადგილებს შესაბამისად 125 და 120 მლრდ აშშ დოლარით ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ინაწილებენ. ამ ორმა ადამიანმა 1996 წელს Google-ის პროექტი წამოიწყეს, საძიებო სისტემა 1998 წლის სექტემბრიდან გაეშვა. Google-ს წამში 65 000 ძებნის თხოვნა ეგზავნება რაც წელიწადში 2 ტრლნ-ზე მეტია. თავად Google-ის დაგუგვლით 11.2 მლრდ შედეგი იძებნება. მომხმარებლისთვის Google იყო და რჩება უფასოდ.


 

ყველაზე მდიდარია მაინც ილონ მასკია. მისი ქონება $300 მლრდ-ს აჭარბებს. ახლა მასკის ქონება მისსავე სამშობლოს სამხრეთ აფრიკის მშპ-ს აღემატება, სადაც 59 მლნ ადამიანი ცხოვრობს, მისი კაპიტალი 97 მლნ-იანი ვიეტნამისა და 220 მლნ-იანი პაკისტანის მთლიანშიდა პროდუქტსაც აჭარბებს. პაკისტანი თავის მხრივ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეხუთე სახელმწიფოა. მასკის ქონება სულ რომ $100-იანებში იყოს შენახული, გადაბმული კუპიურების ჯაჭვი დედამიწას 12-ჯერ შემოევლებოდა. გაშლილი ჯაჭვი კი მთვარესაც მისწვდებოდა და $60 მლრდ ხურდაც დარჩებოდა.

 

რით დაიმსახურა მასკმა ასეთი ზღაპრული სიმდიდრე? გამოიმუშავა, გაუმართლა თუ ვინმეს რამე წაართვა? 2020 წელს Tesla-ს სულ 500 ათასი ერთეული ელექტრომობილი გაყიდა, იმავე წელს Toyota-ს გაყიდვებმა 19-ჯერ მეტი - 9.5 მლნ შეადგინა, მაგრამ თუ 2019 წელთან შედარებით Toyota-ს გაყიდვები 2019 წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა, Tesla-ს გაყიდვები 36%-ით გაიზარდა. გლობალურად 2020 წელს პანდემიის ფონზე ავტოგაყიდვები 14%-ით 64 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა ელექტრომობილების გაყიდვები 43%-ით 3.24 მლნ-მდე გაიზარდა, საიდანაც თითქმის ყოველი მეექვსე Tesla იყო. ტესლა დაახლოებით ფორდის ისტორიას იმეორებს. 1 საუკუნის წინ ყოველი მესამე გაყიდული ავტომობილი ფორდის გამოშვებული იყო. წელს სამი კვარტალის ჯამში Tesla-მ უკვე 627 ათასი ელექტრომობილის რეალიზაცია შეძლო, მხოლოდ მესამე კვარტალში 241 ათასი გაყიდა, იმდენივე რაც 2018 წელს მთლიანად და უფრო მეტი ვიდრე 2016-2017 წლებში ერთად.


2021 წლის დამდეგისთვის მსოფლიო გზებზე სულ 10.8 მლნ ელექტრომობილი დადიოდა, რაც ავტოპარკის მხოლოდ და მხოლოდ 0.7%-ა. ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პირველ მსოფლიო ომამდე ელექტრომობილების წილი 33%-ს აღწევდა და პირველი ავტომობილი რომლის სიჩქარემაც 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა ელექტროძრავით იყო აღჭურვილი. საფრანგეთში გამართულ რბოლაზე La Jamias Contente-მ 105.8 კმ/სთ განავითარა და ეს ფაქტი 1899 წელს მოხდა. შემდეგ იაფმა საწვავმა ელექტრომობილების ერა მთელი 1 საუკუნით დაასამარა და ის ფერფლისგან 2008 წელს სწორედ მასკმა აღადგინა. ელექტომობილებს მასკამდეც უშვებდნენ, ოღონდ მიზერული რაოდენობით. Tesla-მ სტიმული სხვა ავტომწარმოებლებსაც გაუჩინა. მან ასევე გამკაცრებული რეგულირებისკენ წაახალისა სახელმწიფოები. ევროპის ქვეყნების უმრავლესობა გეგმავს რომ 2030 წელს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება და იმპორტი, 2040 წელს კი მათი გზებზე გადაადგილებაც აკრძალოს, ნორვეგია მიზანს უფრო ადრე მიაღწევს. მართალია ტესლას წილი ელექტრომობილებში 90% არ არის, მაგრამ რომ არა ტესლა ახლა 1 მლნ ელექტრომობილიც არ იქნებოდა. ტესლას ძალისხმევით, გლობალური დათბობის პირობებში, ატმოსფერო უკვე რამდენიმე ათეული მლნ ტონა CO2-ის გაფრქვევას გადაურჩა. ეს რიცხვი მალე რამდენიმე მლრდ ტონამდე გაიზრდება. ჰორიზონტზე უკვე ელექტრო თვითმფრინავებიც მოჩანს.

 

ელექტრომობილების წარმოების პოპულარიზაციისთვის 2014 წელს Tesla-მ ყველა პატენტი გაათავისუფლა და კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. 2021 წელს კი Tesla-მ კონკურენტებს თავისი სწრაფდამტენებით სარგებლობის ნებაც დართო.

 

ტესლა ჯერჯერობით მასკის ყველაზე ცნობილი და ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით. 2020 წელს 9 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ამერიკის მიწიდან ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრნენ, კოსმოსური ხომალდი კი მასკი SpaceX-ს ეკუთვნოდა. 320 კმ-ის მანძილზე მდებარე სადგური მხოლოდ დასაწყისია, მასკის ოცნებას მარსის კოლონიზაცია წარმოადგენს, რომლამდეც უმოკლესი მანძილი 55 000 000 კმ-ა, 143-ჯერ მეტი ვიდრე მთვარემდე საშუალო მანძილი.


მასკს ქალაქების ჰიპერლუპით ანუ ზებგერითი სიჩქარის მქონე მატარებლებით დაკავშირებაც სურს, შიდასაქალაქო ტრანსპორტად კი სპეციალურ გვირაბებს განიხილავს, სადაც ელექტომობილები საცობების გარეშე 240 კმ/სთ-ს განავითარებენ.

 

10 წლის წინ სამყარო სტივ ჯობსს გამოემშვიდობა. Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $2.5 ტრლნ-ა. ჯობსი რომ ცოცხალი იყოს, შეიძლება ბევრად მეტი ყოფილიყო. უდიდესი ალბათობით ჯობსი ახლა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიის ათეულში იქნებოდა. Iphone საქართველოშიც თავისი მაღალი ფასის მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაყიდვადი სმარტფონია. აიფონის ფანებისთვის ანდროიდ სისტემაზე მომუშავე ტელეფონი, რა პარამეტრებიც არ უნდა გააჩნდეს აიფონთან ვერ მივა.

 

იქნებოდა დღეს მსოფლიო უკეთესი რომ არა Ford, Microsoft, Amazon, Google, Apple ან Tesla? ამ კომპანიებმა და ამ კომპანიების დამფუძნებლებმა მილიარდობით ადამიანის ცხოვრება გაამარტივეს. არც ბილ გეითსს და არც მასკს ქართველი მცირემიწიანი გლეხისთვის არაფერი წაურთმევიათ. ერთია მექრთამე ჩინოვნიკი ან ნარკორეალიზატორი და მეორე ანტერპრენერი. მტკიცება რომ ღარიბი ადამიანები ღარიბები მდიდარი ადამინების გამო არიან ჰგავს მტკივებაც რომ თითქოს ნელი მანქანები ნელები სწრაფი მანქანების გამო არიან. ბუგატის სიჩქარეს ვერც ჟიგული აღწევს და ვერც მერსედესი, მაგრამ ეს ბუგატის ბრალი ნამდვილად არაა.

 

თუ მაინც მემარცხენე გზით წავალთ რა მოხდება თუ უმდიდრესი ადამიანების ქონებას უაღარიბეს ადამიანებს დავურიგებთ? მართლა აღმოვფხვრით გლობალურ შიმშილს და მართლა დაიძინებენ თხა და მგელი ერთად? Forbes-ის ცნობით პლანეტაზე სულ 10 ცენტიმილიარდერია (ადამიანი რომლის ქონებაც $100 მლრდ-ს აღემატება). ამ ადამიანთა საერთო ქონება $1.5 ტრლნ-ს შეადგენს. თუ ამ თანხას პლანეტის ყველაზე ღარიბ 1 მლრდ ადამიანს თანაბრად გავუნაწილებთ თითოეულს მხოლოდ $1500 შეხვდება, რითაც ვერც უსახლკარობის პრობლემა მოაგვარდება და ვერც შიმშილის გრძელვადიან პერსპექტივაში. $1500-ად ღარიბ ქვეყანაში ადამიანმა შეიძლება 1 ან მაქსიმუმ 1.5 წელი იკვებოს. თანხა მალე ამოიწურება, შიმშილის გრძნობა კი არ გაქრება.

 

ერთ-ერთი მოსაზრებით ტექნოლოგიები სამუშაო ადგილებს ანადგურებს. მაშინ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ 2019 წელს და 2020 წელს პანდემიის დაწყებამდე აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლიან მინიმუმამდე 3.4%-მდე შემცირდა? ტექნოლოგიები სამუშაო ადგილებს ნამდვილად ანადგურებს, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარსიმართლეა, სიმართლე კი ისაა, რომ იგივე ტექნოლოგიები ძველის ნაცვლად ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ პროფესიებს ქმნის.

 

ის ფაქტი, რომ წელიწადში 7 მლნ ადამიანი შიმშილით ან არასრულფასოვანი კვებით იღუპება ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა მდიდრების „გაკულაკებით“ ვერ მოგვარდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up