ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება. საქართველოს მთავრობამ ტექინსპექტირების პარამეტრების გამკაცრება ისევ გადაიფიქრა. ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 6 დეკემბერს შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება .
რეალურად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა გამხდარიყო და მათი ლამბდა კოეფიციენტი -+ 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამცდარიყო. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა გამონაბოლქვზე კონტროლს ორმაგად ამკაცრებდა.
„კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხზე კომერსანტი რამდენიმე ერთ თვის წინ წერდა. ჩვენ გიყვებოდით, რომ საქართველოს მთავრობა ისე ამკაცრებდა პარამეტრებს, რომ აღსრულების მექანიზმი არ გააჩნდა. ჩვენ დავინტერესდით ვის მოეთხოვებოდა კატალიზატორის ქონა და რამდენად მზად იყვნენ მძღოლები გამკაცრებული რეგულაციების შესასრულებლად. თუმცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ვერ გაგვცა პასუხი როგორ გეგმავდა ახალი რეგულაციების ამოქმედებას. ჩვენ ასევე ვერ გავიგეთ რამდენად ეფექტური იქნებოდა გამკაცრებული ნორმები და ამჯერად მაინც თუ შეძლებდა სახელმწიფო მის აღსრულებას. გაურკვეველი იყო ისიც, თუ რისი მიღწევა სურდა საქართველოს მთავრობას. ეს იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა, თუ კანონი კანონისთვის, რომელიც მხოლოდ ფურცელზე დარჩებოდა. თუმცა ფაქტი ერთია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ამოქმედებიდან მეოთხე წელსაც გამონაბოლქვთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას საქართველოს მთავრობა კიდევ ვერ შეძლო.