geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:22
კობა გვენეტაძე „კომერსანტთან“ მიკროსაფინანსოებისთვის საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე მუშაობას ადასტურებს და გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს
2017-05-16 10:20:26
+
-

„კომერსანტის" ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საწესდებო კაპიტალის მოცულობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა კობა გვენეტაძე იმაზე, თუ რამდენ ლარამდე მოუწევთ მიკროსაფინანსოებს კატიპალის გაზრდა, არ საუბრობს. მისი თქმით, „ეს ფართო მასებისთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა მოხდება".

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვსურს ძლიერი ბანკები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძლიერი არასაბანკო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსოებიც გვჭირდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობა თავიდან ასე იყო გამიზნული და ჩაფიქრებული, რომ მათ უნდა შეესრულებინათ თავიანთი სამუშაოები და დაეფინანსებინათ მსესხებლები საკუთარი სახსრებით, რადგანაც მათ საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ფონდებიდან. მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ეს დაივიწყეს და ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვა დაიწყეს. როდესაც ამაზეა საუბარი, აქ უკვე უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო. აქედან გამომდნარე, ჩვენ უფრო კარგად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ხდება ამ ორგანიზაციებში. თუ ისინი საკუთარი ფულით და კაპიტალით იმუშავებენ, რა თქმა უნდა, უფრო თავისუფლები იქნებიან. მაგრამ გარკვეული რეგულაციები ვფიქრობ, რომ აუცილებელია დაწესდეს და ეს არის ის, რასაც მოვითხოვთ ამ პაკეტში",- განაცხადა „კომერსანტთან" საუბრისას კობა გვენეტაძემ.

 

„კომერსანტის" ინფორმაციით, კომერციული ბანკებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრის შემდეგ, საწესდებო კაპიტალის გაზრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც იგეგმება. თუ ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალი 250 000 ლარს შეადგენს, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, აღნიშნული ზღვარის გაზრდა 1-დან 5 მილიონი ლარის ფარგლებში იგეგმება.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საწესდებო კაპიტალის შესაძლო გაზრდას უარყოფი შეფასება მოჰყვა ორგანიზაციების მხრიდან. საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე კი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს რთული პროცესი იქნება, რადგან ყველას არ ექნება იმის საშუალება, რომ გაზრდილი საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

 

მისი განმარტებით, ეს არ იქნება პოზიტიური მოვლენა, რადგან ბაზარზე გაართულებს კონკურენციას და ოპერირებას შეზღუდავს. როგორც კიკვიძე აცხადებს, აღნიშნული რეგულაციის დაწესება მიკროსაფონანსო სექტორისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება. გარდა ამისა, ეს ფულზე ხელმისაწვდომობასაც შეამცირებს.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 25 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში 84 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

 

ავტორ(ებ)ი: ელზა წიკლაური