geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:37
"ხმაური დასჯადი შესაძლოა, 1–ლი ივლისიდან გახდეს" – თბილისის საკრებულომ კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაუგზავნა
2017-03-15 18:30:41
+
-

2017 წლის 1–ლი ივლისიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ხმაური დასჯადი გახდება. საკრებულოს სპეციალურმა კომისიამ ხმაურის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და დოკუმენტი პარლამენტში შესაბამისი პროცედურების გავლას ელოდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

 

 

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ზღვარგადასული ხმაური დასჯადი გახდება როგორც დღის, ასევე, ღამის საათებში. პირველ ეტაპზე, ღამის საათებად საღამოს 11:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე პერიოდი განისაზღვრა. შესაბამისად, დღის საათები დილის 07:00 საათიდან საღამოს 11:00 საათამდე პერიოდი.

 

 

კანონდარმღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე, 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით. წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმები გაორმაგდება.

 

 

საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტში მკაცრად გაწერილია ასევე დეციბალებიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დღის საათებში განსაზღვრულია 40 დეციბელით, ხოლო საღამოს საათებში ზღვრული ნორმით 30 დეციბელი.

 

 

ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ კანონდარღვევას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობის ზარი კი 112-ში დაფიქსირდება.

 

 

როგორც „კომერსანტთან" საუბრისას კობახიძემ განაცხადა, ყველა ზემოთ ხსენებულ საკითხთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს აქვს მოსაზრება, რომ ამ საკითხმა ერთი ან ორი თვის ვადით გადაიწიოს. 

 

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა ცვლილება, რომელიც ზღავრგადასულ ხმაურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს. ეს ყველაფერი კანონიერად ძალაში 1 ივლისს შევა. ყოველშემთხვევაში ამჟამინდელი კანონპროექტით ეს ასეა. ახლა იურიდიული კომისიის მიერ ამ საკითხის ინიცირება მოხდება. ბიურო ხელახლა განსაზღვრავს სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

 

 


მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით საგაზაფხულო სესიაზე პლენარულ მოსმენებზე იმსჯელებს ეს საკითხი გავა. ბიზნესომბუდსმენს ჰქონდა მოსაზრება, რომ ეს საკითხი ერთი ან ორი თვის ვადით გადაწეულიყო. კერძოდ ამაში ნაგულისხმებია ის, რომ ბიზნეს სექტორს ფართების შესაბამისად მოწყობისთვის კანონის ამოქმედებამდე დრო ჰქონოდა. პარლამენტი ამ საკითხსაც განიხილავს. 

 

 

რაც შეეხება საკურორტო ზონებს, გეტყვით იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმაურის შეზღუდვა ერთნაირად მოხდება." - განაცხადა თედო კობახიძემ.

 

 

ავტორი:ლიკა გურაბანიძე